კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი “ა” ლიგის ფინალში “ვერას” შეუწყვილდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი “ა” ლიგის ფინალში “ვერას” შეუწყვილდა

“ა” ლიგის ფინალში გასულ “ვერას” ორიოდ საათში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდიც შეუერთდა და ცნობილი გახდა ის წყვილი, რომელიც სუპერლიგაში გადასასვლელად სამმატჩიან სერიაში იბრძოლებს. ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა “კავკასიამ” ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში დეიან პროკიჩის “არენა-ორბი” 74:66 დაამარცხა და 12 აპრილიდან “ვერასთან” სუპერლიგაში გადასასვლელ ბრძოლაში ჩაებმება.

“არენა-ორბს” კი კიდევ ერთი კომპლიმენტი. რეგულარულ ჩემპიონატში 10 მატჩიდან მხოლოდ 3-ის მომგებმა გუნდმა პლეი ოფში დიდი ბრძლა გაუმართა პირველადგილოსან კსუ-ს და სერია ღირსეულად წააგო. “არენა-ორბმა” სერია გამარჯვებით გახსნა, შემდეგ კი 2 მატჩი ბრძლაში დათმო და ფინალის მიღმა აღმოჩნდა.

დღევანდელ მატჩში “კავკასია” მეტად მობილიზებული ჩანდა, რომელმაც უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და აქცენტი დაცვაზე გააკეთა, რითაც “არენა-ორბის” ფეხმარდ უკანახაზელებს კონტრშეტევების განხორციელების საშუალებას არ აძლევდა. სალატიჩის გუნდმა პირველი პერიოდი 19:12 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედში ორბი-არენელებმა საკუთარი თამაში მაინც მოახვიეს მეტოქეს და როცა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, კავკასიელთა სერბმა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, რამაც გაამართლა და პირველი ტაიმის დასკვნით წუთებში განხორციელებიული გაქცევის წყალობით კსუ დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდა.

“ორბი” არ გატყდა და მესამე პერიოდში თამაში გაათანაბრა, ხოლო ბოლო ათწუთეულის წინ 13 ქულით ჩამორჩებოდა. დასკვნითი პერიოდში “არენა-ორბმა” ძალების მობილიზება შეძლო და შეხვედრა უკიდურესად დაიძაბა. საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე არენა-ორბელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს და მეტიც შეეძლოთ: კარგი დაცვის ხარჯზე მათ მეტოქეს სამი შეტევა ჩაუშალეს, თუმცა არ გაუმართლათ – 40 წამის ინტერვალში 3 სამქულიანი ააცილეს, რაც გამოცდილმა კავკასიელებმა აღარ აპატიეს. ბოლო წუთზე, საჯარიმო სროლებით ნიკა მეცხვარიშვილმა და ანდრე უოლკერმა “კავკასია” მიუწვდომელი გახადეს.

გამარჯვებულებს 20 ქულით და 14 მოხსნით ვენდელ ლუისმა ულიდერა. 20 ქულა დააგროვა ანდრე უოლკერმა, 13 – წივწივაძემ, ხოლო ნიკა მეცხვარიშვილმა კავკასიელებს 11 ქულა მიაშველა. “არენა-ორბში” 15 ქულით და 8 მოხსნით გლენ ბარნსი გამოირჩა. 12 ქულა დააგროვა ლევან ლოლიშვილმა, ხოლო არმანი ფლანიგანის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. 

ფინალური სერია, რომელშიც სუპერლიგის საგზურისთვის “ვერა” და “კავკასია” იბრძოლებენ, 3 მოგებამდე გაგრძელდება და ის 12 აპრილს, 18:00 საათზე, პირველი მატჩით დაიწყება.

ფინალური სერიის კალენდარი

კავკასია – არენა-ორბი
სტატისტიკა: 74:66