“ა” ლიგის დღეს გამართული მეორე ნახევარფინალური მატჩი საქართველოს შიდაჩემპიონატების ისტორიის იმ მატჩების სიაში დაიმკვიდრებს ადგილს, რომლებშიც თითქმის განწირულმა გუნდებმა თამაში შემოატრიალეს და თითქმის გამოუვალი სიტუაციიდან მოახერხეს გამარჯვება.
ეს შეძლო “მეგა ბასკეტმა” “ვერასთან” შეხვედრაში, ვისთანაც წინა დღეს სერიის პირველი მატჩი წააგო და ახალაც რომ დამარცხებულიყო, სეზონს ასრულებდა. ვუკასინ მანდიჩისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილ “მეგა ბასკეტს” სერიის გათანაბრება სტანდარტული სცენარითა შეეძლო, როცა ირაკლი ალხანაიძის ორქულიანის შემდეგ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მეტოქეს საპასუხო შეტევაში 24 წამის წესი დაარღვევინა და თამაშის გადასარჩენად 30 წამი დარჩა, თუმცა ვერელთა კარგი დაცვის გამო შეტევის ხეირიანად ორგანიზება ვერ შეძლო და მიკა სიბორნის არაზუსტი სამქულიანის შემდეგ საქმე უკიდურესად გაუმრუდდა. საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ბურთს 61:60 მოლიდერე “ვერა” დაეპატრონა.
ასეთ სიტუაციაში ძალიან იშვიათად ხდება, რომ დაწინაურებული გუნდი აგებს. მით უმეტეს, როცა მეტოქეს 2 გუნდური ჯარიმა აქვს და 3 ტაქტიკური ჯარიმა სჭირდება, ბურთის შემთხვევით ჩუჭრელად შეტევის უფლება რომ მოიპოვოს. მანდიჩის გუნდმა თითქმის უიმედო, ტაქტიკური ჯარიმების გზა აირჩია და 3 პერსონალურის აღებას 2 წამი დაახარჯა. ამ ყველაფრიდან კი ის გამოვიდა, რომ საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე ბრაისონ სკოტი დადგა, რომელმაც პირველი ტყორცნა ჩააგდო, “ვერა” 62:60 დააწინაურა და მეორე საჯარიმო ააცილა.
ბურთი მეგაბასკეტელმა დარკო კოჰადარევიჩმა მოხსნა, რომელიც საკუთარ საჯარიმოში იდგა, წამზომი კი 5 წამს ჩამოსცდა. სერბმა ცენტრმა ბურთი გუნდის ლიდერ კორი სანდერსს მიაწოდა, რომელიც მეტოქის ფარისკენ დაიძრა. ამერიკელ ლეგიონერს მეტოქის ფარამდე მისასვლელად დრო არ ეყოფოდა და ცენტრი გადაკვეთა თუ არა, ჰაერში აიწია და ესროლა. სანამ ბურთი ჰაერში იყო, საფინალო სირენის ხმა გაისმა, თუმცა სანდერსის ნასროლმა ადგილი ვერელთა კალათში იპოვა და თამაშის შედეგი “მეგა ბასკეტის” სასარგებლოდ შეცვალა – 63:62. ეს იყო წარმოუდგენელი რამ – განწირულმა “მეგა ბასკეტმა” გამარჯვება ბოლო წამს მოიპოვა და 7 აპრილს, ფინალში გასავლელ გადამწყვეტ მატჩში, “ვერას” ამ სეზონში უკანასკნელად დაუპირისპირდება.
ოქროს სამქულიანამდე მატჩის გმირმა სანდერსმა ბევრი ვერაფერი გააკეთა. ის სეზონის უსუსტეს მატჩს ატარებდა და მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა მოგროვებული: 10 ცდიდან მხოლოდ 1 სამიანი ჩაეგდო, თუმცა მისმა ფანტასტიკურმა სროლამ ყველაფერი გადაფარა. საბოოოდ სანდერმა შეხვედრა 7 ქულით, 3 პასით და 2 მოხსნით დაასრულა, ყველაზე შედეგიანი კი კოჰადარევიჩი გახლდათ – 14 ქულა, 9 მოხსნა. 14 ქულა დააგროვა მიკა სიბორნმაც. “ვერაში” 15 ქულით ბრაისონ სკოტი გამოირჩა, ბრენდონ სლაიმ კი 12 ქულა მიითვალა.
გადამწყვეტი მატჩი 7 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს, “ვერა” გავა ფინალში თუ “მეგა ბასკეტი”.
მეგა ბასკეტი – ვერა
სტატისტიკა: 63:62