საკალათბურთო “ა” ლიგის პირველი ტურის ბოლო, მე-3 მატჩი დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. ერთმანეთს ლიგის დებიუტანტები – “საკვალიფიკაციოდან “ა” ლიგაში შემოსული “მეგა ბასკეტი” და გასულ სეზონში სუპერლიგიდან ჩამოქვეითებული “აფხაზეთი” შეხვდნენ. ალბათ მიხვდებოდით, რომ “აფხაზეთი” აქამდე სუპერლიგაში მოთამაშე “სოხუმია”, რომელმაც სეზონის დაწყების წინ სახელწოდება გამოიცვალა.
მატჩი სწრაფ ტემპში, ორმხრივი შეტევებით და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სადებიუტო წუთებს თუ არ ჩავთვლით, თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში “მეგა ბასკეტი” იგებდა. მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა საწყისი მეოთხედი 22:20 მოიგო, მეორეში კი ლიდერობა ოდნავ გაიმყარა. გარდამყეხი მე-3 პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც მარტინას შტამპოვიჩუსის გაწვრთნილმა “აფხაზეთმა” ერთხანს ანგარიში გაათანაბრა, თუმცა კორი სანდერსისა და დეონტაე ნორტის მექულეობით “მეგა ბასკეტმა” გაქცევა მოაწყო და ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით დაწინაურდა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა, როცა იმავ სანდერსის მიჯრით ჩაგდებული ბურთების შემდეგ “მეგა ბასკეტი” მიუწვდომელი გახდა.
ორივე გუნდს ჯერჯერობით 3-3 ლეგიონერი ჰყავს და ისინი დღევანდელ მატჩში მთავარ ამინდს ქმნიდნენ. გამარჯვებულის ვინაობაც უცხოელმა მოთამაშემ განსაზღვრა, რომელაც შეხვედრა 36 ქულით დაასრულა. “მეგა ბასკეტის” ლეგიონერმა, კორი სანდერსმა უნივერსალიზმი გამოავლინა და როგორც შორი, ისე ახლო სროლებითა და სწრაფი გარღვევებით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა.
22 ქულით გამოირჩა დეონტაე ნორტი, ტატო ჩაჩიბაიასა და ნიკა რამიშვილის ანგარიშზე შესაბამისად 12 და 10 ქულა დაგროვდა. “აფხაზეთშიც” საუკეთესონი ლეგიონერები იყვნენ: კელვინ ამაიომ 25, ხოლო კენეტ რაიმსმა – 23 ქულა მოაგროვეს. 17 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა რილვან ბაკარეს ანგარიშზე, სერგო ათუაშვილმა კი აფხაზეთს 15 ქულა და 10 მოხსნა შესძინა.
“ა” ლიგის მე-2 ტურის მატჩები 3 თებერვალს გაიმართება.
აფხაზეთი – მეგა ბასკეტი
სტატისტიკა: 95:101