გალერეა3X3 კალათბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის – გუნდ L.R.G-ის გამარჯვებით დასრულდა ზუგდიდის შესარჩევი ტური. მიხეილ ბერიშვილის, კირილე ტატუნაშვილის, მიხეილ ფანჩულიძისა და მიხეილ მაქაცარიასგან შემდგარმა გუნდმა დაძაბული და საინტერესო ზუგდიდური ტურნირის ფინალში რუსთავულ-თბილისურ გუნდ ბენჩს 18:15 სძლია.
ზუგდიდში თავი მოიყარა 11-მა გუნდმა, რომელთა შორისაც არ იყო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ბოლო 3 – თელავის, გორისა და ბათუმის შესარჩევი ტურების გამარჯვებულმა სეუ-მ შესვენება აიღო და ზუგდიდური ტური გამოტოვა. ძმები ეძგვერაძეების, ზვიად ანთაძის და ბექა ბექაურის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობას 13 ივლისიდან – ქუთაისის შესარჩევი ტურიდან გააგრძელებს.
ზუგდიდის ტურში გამარჯვებული გუნდის აბრივიატურა მეგრული საფირმო კერძ „ელარჯის“ შესაბამისად იშიფრება. ამ გუნდმა მოიგო შარშან, 3X3 კალათბურთში საქართველოს პირველი ჩემპიონატის ზუგდიდის ტური. L.R.G-ის ტრიუმფით დასრულდა თბილისი მოლში გამართული ფინალური ტურნირიც და გუნდმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან და არაერთ სამახსოვრო პრიზთან ერთად რუმინული საერთაშორისო ტურნირის საგზურიც მოიგო, რომელიც გამარჯვებულისთვის კომპანია „თრეველინმა“ დააწესა.
მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულისთვისაც რუმინეთში, ერთ-ერთი წარმომადგენლობითი ტურნირის საგზურია დაწესებული. მანამდე კი შესარჩევი ტურნირები უნდა გაიმართოს ქუთაისში (13 ივლისი), ბორჯომში (14 ივლისი) და რუსთავში (16 ივლისი).
საუკეთესო გუნდები 18 ივლისს თბილისი მოლში შეიკრიბებიან და საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ. ფინალურ ტურნირზე გამოიფინება ევრობასკეტის საჩემპიონო თასი, რომელიც ევროპის ქვეყნებში მაისის თვიდან მოგზაურობს და 18 ივლისს თბილისში იქნება. ძვირფასი ტიტულის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. საქართველოს ჩემპიონი გუნდი გაემგზავრება ბუქარესტში, საერთაშორისო ტურნირზე „არენა სპორტ ჩელენჯ“, რომელიც რუმინეთის დედაქალაქში 15-16 აგვისტოს გაიმართება.
3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პარტნიორი ტურისტული კომპანია „თრეველინი“. ფინალური ტურნირის მასპინძელი “თბილისი მოლი“.
ზუგდიდური ტურის პრიზიორი გუნდები სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, როლანდ გარუჩავამ დააჯილდოვა, რომლის აღზრდილი კალათბურთელებით დაკომპლექტებული ფოთის გუნდი Ballis Life მომავალ ჩემპიონ L.R.G-ისთან დრამატულ ნახევარფინალში 12:13 დამარცხდა. ზუგდიდური ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ელარჯის მოთამაშე მიხეილ ბერიშვილი დასახელდა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.