კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. დღეს პროგრამაში მონაწილე კალათბურთის მწვრთნელებს შესაბამისი ლიცენზიები დაურიგდათ.
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ლიცენზიების მისაღებად თავი აღმოსავლეთ საქართველოს იმ მწვრთნელებმა მოიყარეს, რომლებმაც გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა წარმატებით ჩააბარეს. მთლიანობაში მათი რაოდენობა 118-ია და ისინი შემდეგ ქალაქებს წარმოადგენენ: ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყალო, თეთრიწყარო, ახალციხე, გორი, ხაშური, მარნეული, რუსთავი და რა თქმა უნდა, თბილისი.
მწვრთნელებმა გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სემინარები. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროცესს წარუძღვნენ კალათბურთის ცნობილი ქართველი სპეციალისტები: ანტონ კაზანჯიანი, ზურა ტომარაძე, გელა წულაძე, დავით უსტიაშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი. ლიცენზიების მიღების მსურველებმა ასევე მოისმინეს სემინარები სპორტულ მედიცინასა და ფიზ-მომზადებაში შესაბამისი ქართველი სპეციალისტებისგან.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველ ეტაპის შედეგად ლიცენზია მთლიანობაში საქართველოს ცხრა რეგიონის 161-მა მწვრთნელმა მიიღო. დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელთათვის ლიცენზიების საზეიმო გადაცემა მოხდება იმ ქალაქებში, სადაც სემინარ-გამოცდები ჩატარდა – ქუთაისსა და ბათუმში.
ლიცენზიებთან ერთად მწვრთნელებს დაურიგდათ მიმდინარე წლის აპრილის თვეში თბილისში გამართული ესპანური გუნდის, „ლაბორალ კუჩას“ სპეციალისტების მიერ ჩატარებული სამწვრთნელო სემინარების ვიდეო-ვერსია.