დასრულდა სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის ხუთეულების შერჩევა. ხმის მიცემის პროცედურა სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს, 12:00 საათისთვის დასრულდა. გამოკითხვის შედეგები, 14:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში გამართულ პერსკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია და საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი ზვიად კოტრიკაძე ესწრებოდნენ. პრესკონფერენციაზე ჩაერთო ქუთაისში მყოფი რეგიონის გუნდის მთავარი მწვრთნელიკოტე ტუღუში, რომელმაც მისი გუნდის 7 სათადარიგო მოთამაშე დაასახელა. თბილისის გუნდის სათადარიგოების ვინაობა კი კახა შენგელიამ და ზვიად კოტრიკაძემ გამოაცხადეს.
ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია მხოლოდ სპორტული ღონისძიება არ გახლავთ და მას ყოველთვის ახლავს შოუს ელემენტები. 2016 წლის ოლ სტარში სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით იქნება ცნობილი ქართველი შემსრულებელი ბერა, რომელიც აუდიტორიის წინაშე თავისი ჰიტებით წარსდგება.
ბერა ქართული კალათბურთის დიდი ქომაგია და მიერ ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას თანადგომამ ფართო მასები მოიცვა, რის შემდეგაც სუპერლიგის ოლ სტარის ორგანიზატორებმა ქართველი მომღერალი თავის ღონისძიებაზე მიიწვიეს, რასაც ბერა სიამოვნებით დათანხმდა. საკუთარ ფანების მრავალრიცხოვან არმიას, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია, ბერა ქართული კალათბურთის მხარდაჭერისკენ 23 იანვარს, სუპერლიგის ოლ სტარზეც მოუწოდებს.
ყველა ვარსკვლავის მატჩთან ერთად თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ოლ სტარის თანმდევი კონკურსები გაიმართება სამქულიან სროლებსა და ეფექტურ გდებებში – ჩატენვებში. სნაიპერთა კონკურსში მონაწილეობას სუპერლიგის სამქულიანების მსროლელი საუკეთესო 6 კალათბურთელი და გასული ოლ სტარის ანალოგიური კონკურსის გამარჯვებული აკაკი ლომოური მიიღებს. ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.