“ა” ლიგას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. მე-3 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელიც თელავში გაიმართა, ერთმანეთს ლიგის 2 დაუმარცხებელი გუნდი – “ბურჯი” და “ორბი” შეხვდნენ. მატჩი თბილისური გუნდის იოლი გამარჯვებით დასრულდა: “ორბმა” 87:69 (სტატისტიკა) დაამარცხა თელავური გუნდი და 3-დან 3 გამარჯვებით “ა” ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
თელაველები დიდხანს ელოდებოდნენ თავიანთ ქალაქში დიდი კალათბურთის დაბრუნებას, თუმცა შედეგით ვერ იქნებიან კმაყოფილნი. “ბურჯმა” სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო – საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვით “ა” ლიგის საგზური მოიპოვა, საწყის 2 ტურში კი კონკურენტებს – მეგასა და კავკასიას სძლია. თელაველებმა მე-3 ტურში “ორბს” უმასპინძლეს, რომელმაც თავის მხრივ საწყის ტურებში სპორტუნის და ზესტაფონს სძლიეს. პირველი მეოთხედის შემდეგ თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო – 25:6 “ორბის” სასარგებლოდ, რომელმაც მოპოვებული სოლიდური უპირატესობა არ გაფლანგა და კარგად დაწყებული მატჩი გამარჯვებით დააგვირგვინა.
წარმატებული აღმოჩნდა ნინო ყიფშიძის დებიუტი “ორბის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ჩატარებული 2 ტურის შემდეგ გუნდი ლევან ფაცაციამ დატოვა, რომლის ადგილიც ნინო ყიფშიძემ დაიკავა. ყიფშიძის ასისტენტად მართვეს ასაკობრივი გუნდების მწვრთნელი ირაკლი ტომარაძე იმუშავებს.
თელავურ გამარჯვებაში დიდი წილი აქვს რილვან ბაკარეს, რომელმაც 23 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ტაისონ სმიტმა პირად ანგარიშზე 17 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი ჩაიწერა. მესამე ლეგიონერის – დანიელ ვესტბრუკის ანგარიშზე კი 11 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.
მე-4 ტურის მატჩები 27 და 28 თებერვალს – თბილისსა და თელავში გაიმართება.