“ა” ლიგაში შესასვლელი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს დაწყებული 2-მატჩიანი სერიის გამარჯვებული მოიპოვებს სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი – “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზურს და შეუერთდება ტურნირში უკვე ადგილდაბევებულ ვერას, ასტრალს, სოხუმი-საქართველოს, ვსა-ს (ვ. სანიკიძის აკადემია) და თსსუ-ს.
2-მატჩიან, გადამწყვეტ სერიაში თელავის ბურჯი და “თბილისი სითი” ხვდებიან. თელაველებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს და საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე, პირველი მატჩის 26 ქულით წაგების შემდეგ სასწაულებრივად მოუგეს “მთიელს”. კახურ გუნდს ბოლო წინაღობად ახალი გუნდი “თბილისი სითი” ჰყავს. გუნდი, რომელმაც სერიაში მონაწილეობის უფლება “ა” ლიგის გასული სეზონის ბოლოსწინა ადგილზე გასულ თბილისის “დინამოსგან” მიიღო.
გადამწყვეტი 2-მატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა დღეს, თელავში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ასეთი ტიპის (2-მატჩიანი) სერიებში პირველ მატჩში გამარჯვებას პირობითი მნიშვნელობა აქვს. ამგვარი სერია 2 შეხვედრისგან შემდგარ ერთ მთლიან მატჩად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან ანგარიშში ის შედეგი მიიღება, რაც საბოლოოდ, 2 მატჩის ჯამში დაფიქსირდება. შესაბამისად, თელაველებს დღევანდელი გამარჯვება იმაზე მეტ უპირატესობას არ ანიჭებს, რამდენი ქულითაც იმარჯვა.
თელაველებმა დაძაბულ ბრძოლაში თბილისი სითი 80:79 დაამარცხა და 24 დეკემბერს დაგეგმილი მატჩის წინ მხოლოდ ეს უპირატესობა აქვს. თუ საპასუხო მატჩს 2 ქულით მოიგებს, თბილისი სითი “ა’ ლიგაში შევა. თელაველთა გამარჯვების, ან თუნდაც ფრის შემთხვევაში, ლიგის საგზური კახურ გუნდს ერგება.
დღეს გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. ბურჯმა პირველი პერიოდი 7 ქულით მოიგო, მაგრამ თბილისი სითის ლეგიონერებმა თამაშს ალღო აუღეს და მეორე პერიოდში ჯერ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო მესამეში დაწინაურდნენ კიდეც. ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. მატჩი ფრედ დასრულებისკენ მიდიოდა, თუმცა დეშონ ვეიდმა, თანაბარ ანგარიშზე 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და თელაველებს 80:79 (სტატისტიკა) გაამარჯვებინა.
ვეიდს რომ ვერ ჩაეგდო და დრო ამოწურულიყო, დამატებითი 5-წუთეული არ დაინიშნებოდა და თამაში ფრედ დასრულდებოდა. ასეთია 2-მატჩიანი საპლეიოფო სერიების ბუნება კალათბურთში. პირველი მატჩის შემდეგ ფაქტობრივად არაფერია გარკვეული და მთავარი ბრძოლა 24 დეკემბერს, თბილისი არენაზე გველის.