საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში თბილისში დაიწყო. ტრადიციისამებრ, ტურნირის მსვლელობისას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან საუკეთესო გუნდები შეირჩევა, რომლებიც ფინალურ ეტაპს დედაქალაქში ჩაატარებენ.
ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტურნი თბილისში 18-19 ივნისს ჩატარდა, რომელშიც თავი საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს. დედაქალაქის ტურში ფინალური ეტაპის 8 საგზური თამაშდებოდა. მონაწილე 26 გუნდიდან 23 ივლისს დაგეგმილ ფინალურ ტურნირზე 8 საუკეთესო გადადიოდა და შესაბამისად, აქტივობაც დიდი იყო.
პირველ შესარჩევ ტურნირს ახალაშენებულმა სავაჭრო ქალაქმა „ისთ ფოინთმა“ უმასპინძლა. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა, რომელთა შედეგადაც ის 8 საუკეთესო გუნდი გაირკვა, რომლებმაც ფინალური ეტაპის საგზურები ხომ გაინაღდეს დაბრძოლა თბილისის ტურის მოსაგებად პლეი ოფიდან განაგრძეს.
მეოთხედფინალური მატჩები 19 ივნისს ჩატარდა. წარმატებით დაძლიეს პლეი ოფის პირველი წრე გუნდებმა „დრიმ თიმ“, „მუხბე“, „კაკტუსი“ და GEO3X3. ამ უკანასკნელმა 2 აზერბაიჯანეისა და 2 ქართველისგან შემდგარ გუნდს „BAKU”-ს სძლია. GEO3X3 საქართველოს 3X3 კალათბურთის ნაკრების წევრებისგან იყო დაკომპლექტებული, ხოლო „BAKU”-ში აზერბაიჯანის ნაკრების სამი წევრი, მათ შორის ნატურალიზებული დავით ბარბაქაძე თამაშობდა. დათოსთან ერთად ბაქოს გუნდის ღირსებას იცავდა მისი ძმა, საქართველოს სუპერლიგის კიდევ ერთი ჩემპიონი გიორგი ბარბაქაძე.
GEO3X3-ის ღირსებას ვახტანგ ქადარია, ზვიად ანთაძე, ბექა ჩიკვილაძე და აკაკი ლომოური. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ნაკრების წევრებმა 19:14 მოიგეს, რის შემდეგაც ნახევარფინალში „დრიმ თიმს“ 21:14 აჯობეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. პლეი ოფის ბადის საპირისპირო მხარეს წარმატებით იასპარეზა გუნდმა „მუხბემ“ რომან ტუკვაძის, ბიქტორ კოღუაშვილისა და ძმები – ირაკლი და ბექა ჯანხოთელების შემადგენლობით. „მუხბემ“ ჯერ HELLOHATERS-ს 17:14 სძლია, შემდეგ კი „კაკტუსთან“ 14:10 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ ჯახში GEO3X3-ის წევრებმა მეტი მობილიზება და სიზუსტე გამოიჩინეს, რაც გამარჯვებით დაუფასდათ. საბოლოოდ 18:15 და ნაკრების წევრებით დაკომპლექტებული გუნდი საართველოს 3X3 ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტურის გამარჯვებული გახდა.
ფინალში დამარცხებული „მუხბეს“ და ჩემპიონი გუნდის წევრები კალათბურთის ფედერაციაში 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნაკრების წევრმა ვახტანგ ქადარიამ დაიმსახურა.
საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევი ტურები 2 ივლისს ბათუმში, 3 ივლისს ქუთაისში, 9-ში თელავში და 10-ში რუსთავში გაიმართება. ყველა ამ ქალაქიდან ფინალური ტურნირის საგზურს თითო გამარჯვებული მოიპოვებს. საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 23 ივლისს „თბილისი მოლში“ გაიმართება, სადაც 12 საუკეთესო გუნდი ქვეყნის უძლიერესის ტიტულისთვის იბრძოლებს.