„დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე „სასკი ბასკონიასა“ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი კემპი მიმდინარეობს. პირველი კვირა მიილია და მოთამაშეთა რაოდენობა 160-დან განახევრდა. დღეს „დინამოს“ ბაზას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ესტუმრა, რომელიც საჩვენებელ მატჩს დაესწრო.
კემპში 1998-2002 წლებში დაბადებულები მონაწილეობენ, თუმცა ესპანელმა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, უფრო ასაკიანი კალათბურთელებიც შეემოწმებინათ და დიღმის ბაზაზე ქართველმა მწვრთნელებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის პერსპექტიული მოთამაშეები დაიბარეს. სწორედ ამ შეხვედრას დაესწრო მინისტრი.
მატჩის დასრულების შემდეგ ლევან ყიფიანი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან ერთად ახალგაზრდა კალათბურთელებს და კემპის მომსახურე ქართველ და ესპანელ მწვრთნელებს გაესაუბრა. მინისტრმა მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღო და ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს, ასევე მწვრთნელებს წარმატება უსურვა.
კვირას კემპზე შესვენებაა, ორშაბათიდან კი დარჩენილ ბავშვებთან ვარჯიშები განახლდება. საბოლოოდ კემპის მონაწილეთაგან საუკეთესო 16 კალათბურთელი შეირჩევა, რომლებიც ივლისის თვეში ვიტორიაში საერთაშორისო კემპში მიიღებენ მონაწილეობას.