სოხუმი 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

სოხუმი 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

 სტატისტიკა
 გალერეა20-წლამდელთა პირველობის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი მართლაც საჩემპიონო გამოდგა. დაძაბული და სანახაობრივი თამაშის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ოვერტაიმში გადასული მატჩის ბოლო წამებზე ერთი გაცუდებული შეტევის გამო „აკადემია“ დაისაჯა და ჩემპიონის ტიტული უფრო მობილიზებულად მოთამაშე „სოხუმს“ დარჩა.
თემურ კანკიას, ლიკა ქაჯაიას და შაკო პაიჭაძის გაწვრთნილმა სოხუმელებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფებმა დასკვნით პერიოდში თამაში შემოაბრუნეს.
სესიის აქამდელ მატჩებში გუნდებმა მოგებები გაცვალეს და ჩემპიონის ტიტული დღევანდელ შეხვედრას უნდა გაერკვია, რომლის პირველი პერიოდიც აკადემიელებმა 16:8 მოიგეს. დაახლოებით ეს სხვაობა შენარჩუნდა მატჩის ბოლო პერიოდამდე. სოხუმელთა სწრაფ შეტევებს „აკადემია“ შორი სროლებითა და ფარქვეშ თამაშით პასუხობდა – სოსო გოგნაძე სამწამიან ზონაში დომინანტი გახლდათ, ხოლო პერიმეტრიდან გიორგი გვიანიძის ზუსტი სროლები აკადემიელებს კომფორტულად ყოფნის საშუალებას აძლევდა.
ბოლო პერიოდის წინ „აკადემია“ 7 ქულით იგებდა, თუმცა დავით ლომიძის, მამუკა ბაზუაშვილის, ტატო ზუზაძისა და სხვა სოხუმელთა შედეგიანობამ საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ანგარიში თანაბარ კალაპოტში ჩააყენა და ბოლო წამებამდეც ქულა-ქულაში თამაში გაგრძელდა. თანაბარ ანგარიშზე, საფინალო სირენის თანხლებით, სოსო გოგნაძემ გარღვევა განახორციელა – ბურთი რკალზე დატრიალდა და კალათიდან ამოვარდა.
დამატებით დროში ზუზაძის სამიანითა და ლომიძის ორიანით სოხუმელებმა 5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, რომელიც აკადემიამ კი გაათანაბრა, მაგრამ დასვნით წამებზე, 1 ქულით ჩამორჩენილმა, შეტევა გააცუდა და წასაგებად გაიწირა. ჩემპიონთაგან 16 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო შედეგი მამუკა ბაზუაშილმა დააფიქსირა. 14 ქულა, 9 პასი და 5 მოხსნა მიითვალა თორნიკე გაგუამ, ხოლო ტატო ზუზაძემ და დავით ლომიძემ შეხვედრა 13-13 ქულით დაასრულეს. „აკადემიას“ 24 ქულითა და 15 მოხსნით სოსო გოგნაძემ ულიდერა. 

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე თავდაპირველად მეორეადგილოსნები დაასაჩუქრეს, რომლებსაც მედლები და სიგელები ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა, ანტონ კაზანჯიანმა და კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს. 

მათვე გადასცეს მედლები და სიგელები ჩემპიონ სოხუმელებს, რის შემდეგაც ვეტერანთა დახმარების ფონდის მიერ დაწესებული – გურამ მინაშვილისა და ილარიონ ხაზარაძის სახელობის თასი გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა – ტატო ზუზაძემ ჩაიბარა.

20-წლამდელთა ჩემპიონატში დაწესებული იყო ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელის – რაჟიკო დარბაიძის თასი, რომელიც საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ სოხუმის უკანახაზელ თორნიკე გაგუას რაჟიკოს ძმამ, ლევან დარბაიძემ გადასცა. 

და ბოლოს, საჩემპიონო თასით სოხუმელთა კაპიტანი ტატო ზუზაძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ და საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ზვიად კოტრიკაძემ დააჯილდოვეს.