სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები

სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები

სუპერლიგაში გადასასვლელი ბრძოლა უკიდურესად გამძაფრდა. “სოხუმმა”, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უწევს ბრძოლა, “ა” ლიგის მეორეადგილოსან “ტიტებთან” საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგო და ახლა ყველაფერი ერთ – გადამწყვეტ თამაშზეა დამოკიდებული. 9 მაისს, 20:00 საათზე დანიშნულ სერიის მე-3 მატჩს რომელი გუნდიც მოიგებს, მომავალი სეზონისთვის სუპერლიგის ბოლო, მე-10 გუნდისთვის განკუთვნილ საგზურს მოიპოვებს. 

“სოხუმმა” სერიის პირველი მატჩი “ტიტებს” 29 ქულით მოუგო და დღეს, მე-3 პერიოდში 16 ქულით იყო წინ. “ტიტებმა” უდიდესი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოახერხეს თითქოსდა გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაძვრენა. გუნდური, სწრაფი და შედეგიანი თამაშის წყალობით მესამე პერიოდშივე მოახერხეს გარდატეხის მოხდენა, ათწუთეული 28:16 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 62:63.

სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრეს, თუმცა წინ კიდევ 1 პერიოდი იყო, რომელშიც სოხუმელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და მეტოქეს დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კვან უოლერის ზუსტი გარღვევების შემდეგ სოხუმელები 6 ქულით – 73:67 დაწინაურდნენ. მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა წუთშესვენება აიღო და მოედანზე დაბრუნებულმა “ტიტებმა” ბექა ჩიკვილაძისა და ანტუან სპეისის შედეგიანობით 7:0 გაქცევა მოაწყო და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 74:73 დაწინაურდა.

გადამწყვეტი სიტყვა თქვა მატჩის გმირმა, ეროვნული ნაკრების ვეტერანმა, ბესიკ ლეჟავამ, რომელმაც საყაიმო ანგარიშზე (78:78), 80 წამის ინტერვალში მიჯრით 8 ქულა მოაგროვა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ლეჟავამდე ბექა ჩიკვილაძემ და ჯონ ბრიტონმაც ჩააგდეს ორიანები და ისე გამოვიდა, რომ 74:78 ჩამორჩენილმა “ტიტებმა” 2-წუთიანი მონაკვეთი 12:0 მოუგო “სოხუმს” და გია კაზანჯიანის გაწვრთნილ გუნდს ამით საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

საბოლოოდ ანგარიში 90:83 დაფიქსირდა, რაშიც ლომის წვლილი 28 ქულით ბესიკ ლეჟავას მიუძღვის. 23 ქულა მიითვალა ჩიკვილაძემ, ხოლო ანტუან სპეისის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 22 ქულით საუკეთესო იყო კვან უოლერი. 18 ქულა სერგეი პრიმაკმა მოაგროვა. 13 ქულა ოთო ბულიავას ანგარიშზეა, სერგო ათუაშვილმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით – 12 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. 

სუპერლიგის მე-10 გუნდის ვინაობას 9 მაისს, “სოხუმისა” და “ტიტების” საკვალიფიკაციო სერიის მე-3 მატჩის დასრულების შემდეგ შევიტყობთ. გადამწყვეტი შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში, 20:00 საათზე გაიმართება.

ტიტები – სოხუმი
სტატისტიკა: 90:83

 

მირიან ჩხეიძის ფოტოები