თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატი საკალათბურთო აკადემიის ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს აკადემიის 2 გუნდი შეხვდა, რომელთა შორისაც სხვაობა ასაკია, თორემ კალათბურთელები ერთ დარბაზში, ერთ სამწვრთნელო შტაბთან და ერთი სისტემით ვარჯიშობენ.
გელა წულაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი „აკადემიის“ მოთამაშეები 1 წლით უფროსები არიან ალექსა ჯაფარიძისა და გია კაზანჯიანის გუნდის წევრებზე და ფინალურ მატჩში იოლადაც დაამარცხეს. საჩემპიონო ჯახი არ შედგა. „აკადემიამ“ 91:52 დაამარცხა „აკადემია 2“ და დედაქალაქის ჩემპიონის ტიტულს დაეპატრონა.
ჩემპიონებს 26 ქულით ოთარ პერტაიამ ულიდერა, რომელიც დამსახურებულად დასახელდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ. 18 ქულითა და 15 მოხსნით გამარჯვებულებს დიდი დახმარება გაუწია ვათა სალაყაიამ. რაც შეეხებათ ვერცხლის პრიზიორებს, „აკადემია 2“-ს 27 ქულით, 14 მოხსნით და 6 პასით მიშა ზურაბაშვილმა ულიდერა. მის გარდა სხვა ვერავინ დაძლია 10-ქულიანი ზღვარი.
მესამე ადგილისთვის ბევრად საინტერესო გამოდგა. „იბერსა“ და „არმიას“ დაპირისპირებაში კვანძი ბოლო პერიოდში გაიხსნა. ირაკლი სულხანიშვილის, თორნიკე ჯულაყიძისა და გიორგი ჩახნაშვილის ლიდერობით „იბერმა“ გასამარჯვებლად საჭირო უპირატესობას მიაღწია და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ბრინჯაოს პრიზიორები მატჩის დასრულებისთანავე დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა მამუკა ლომიძემ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა.
ფინალური მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე უფრო უხვად პრიზები და მედლები დარიგდა. მეორე ადგილზე გასული „აკადემია 2“ მედლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა, ხოლო ჩემპიონებს კუთვნილი სიგელ-მედლები კავშირის წევრმა ლევან წულაიამ გადასცა.
ტურნირზე დაწესებული მაყურებელთა სიმპათიის პრიზი „იბერის“ ლიდერ ირაკლი სულხანიშვილს ერგო, რომელიც ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა. საუკეთესო მოთამაშე დასახელდა აკადემიელთა ბომბარდირი ოთარ პერტაია, რომელსაც პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმა ვოვა ძიძიგურმა გადასცა.
დაბოლოს, გამარჯვებული აკადემიელების კაპიტან საბა გეგუჩაძეს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.