სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მყოფი – “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზურის მფლობელია თელავის “ბურჯი”. ტრადიციულად, სანამ “ა” ლიგა დაიწყებოდეს, მის ბოლო მონაწილეს საკვალიფიკაციო ეტაპი არკვევს, რომელშიც წინა სეზონში “ა” ლიგის ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე გასული გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პრეტენდენტს უპირისპირდება.
გასულ სეზონში “ა” ლიგაში ბოლოსწინა ადგილი “დინამომ” დაიკავა, რომელმაც “ა” ლიგში ადგილის შენარჩუნება არ ისურვა და საკვალიფიკაციოში მონაწილეობის უფლება კლუბ “თბილისი სითის” დაუთმო. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თბილისი სითიმ “ა” ლიგის საგზურის მოსაპოვებლად სოლიდური ნაბიჯი 21 დეკემბერს, თელავში გადადგა, როცა შეხვედრა მინიმალური სხვაობით – 79:80 დათმო. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც დღეს დედაქალაქში გაიმართა, თბილისი სითის ნებისმიერი, ერთზე მეტქულიანი გამარჯვება აძლევდა ხელს, თუმცა ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა თელაველებმა შესანიშნავად ითამაშეს და სერიაში გამარჯვებით იანვარში დასაწყები “ა” ლიგა 6 გუნდამდე შეავსეს.
თანაბარი პირველი მატჩის შემდეგ საპასუხო შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა ასე არ მოხდა. თელავის გუნდმა პირველივე პერიოდში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა. ორივე გუნდის ბირთვს ლეგიონერები შეადგენდნენ და უცხოელთა დუელში “ბურჯის” ლეგიონერებმა იძალეს. პირველი პერიოდი კახურმა გუნდმა 23 ქულით – 39:16 მოიგო, კომფორტულ ლიდერობას დაეპატრონა და შემდეგ პრობლემები აღარც შეჰქმნია.
თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ თელაველებმა 24 ქულით – 109:85 (სტატისტიკა) იმარჯვეს და 2-წლიანი პაუზის შემდეგ “ა” ლიგაში დაბრუნდნენ. გამარჯვებულებს 21 ქულითა და 7 პასით რაჰიმ სალივანმა ულიდერა. 22 ქულა და 6 მოხსნა დეშონ ვეიდმა მიითვალა, ტაილერ ბრევარდის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა. ლუკა მამლიკიძემ თელაველებს 17 ქულა მიაშველა. თბილისი სითის ლიდერმა, დუეინ გოდმენმა 27 ქულა მოაგროვა, ვახტანგ გოგბერაშვილის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა.
ასე და ამგვარად, “ა” ლიგაში მყოფ ვერას, ასტრალს, სოხუმი-საქართველოს, ვსა-ს (ვ. სანიკიძის აკადემია) და თსსუ-ს თელავის “ბურჯი” შეუერთდა. “ა” ლიგის სეზონი სტარტს 2024 წლის იანვარში აიღებს.