“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში მცირე სასწაული მოხდა. ორმატჩიანი სერიის მეორე შეხვედრის წინ თელავის “ბურჯს” “მთიელთან” 27 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან პირველი მატჩი 26 ქულით ჰქონდა წაგებული. საპასუხო მატჩი დღეს, თბილისი არენაზე გაიმართა, რომელიც ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა თელავმა 111:82 (სტატისტიკა) მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც ასევე 2-მატჩიან საპლეიოფო სერიაში, “ა” ლიგის საგზურისთვის “თბილისი სითის” დაუპირისპირდება.
ორმატჩიანი საპლეიოფო სერია იშვიათად ტარდება, თუმცა პირველ მატჩს რომ 26 ქულით მოიგებს, ის გუნდი უმეტეს შემთხვევაში კი არა, ძალიან იშვიათად აგებს სერიას. ხდება ხოლმე, რომ 26 ქულა 1 პერიოდშიც გაუბათილებია გუნდს, თუმცა როცა საქმე მთლიან მატჩს ეხება, ის სტრატეგიის დაგეგმვა გაცილებით იოლია, სასურველ შედეგს რომ მიაღწიო. ამიტომაც თელაველთა წარმატებას განსაკუთრებული ფასი აქვს. ნიკა ჩაველაშვილმა პირველი მარცხის შემდეგ, ცხადია, სამაგალითო ლექცია ჩაუტარა თავისი გუნდის წევრებს და ყველა მათგანი მეტოქესთან საბრძოლველად თავიდანვე საოცრად დამუხტულნი გავიდნენ.
პირველი პერიოდი თელაველებმა 30:16 მოიგეს და ყველას დაანახვეს, რომ კახური გუნდის ადრიანად ჩამოწერა ნაადრევი იყო. მეორე პერიოდში ბურჯმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 60:42. მთიების მწვრთნელი, ირაკლი ძიძიგური ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა თელაველთა შედეგიანი თამაშისთვის რამე ეფექტური დაეპირისპირებინა. ბურჯი ყველა კომპონენტში, განსაკუთრებით კი შორ სროლებში ჯაბნიდა მეტოქეს, რაც ძალიან საჭირო იყო გუნდისთვის, რომელიც 26-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობდა.
ბოლო პერიოდში, ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თელაველთა ლიდერობამ 29 ქულას მიაღწია (92:63), რაც სრულიად საკმარისი იყო სერიის მოსაგებად, თუმცა “მთიელმა” გაიბრძოლა და დევინ ბუკერისა და ბორის თორთლაძის ქულებით ჩამორჩენა 22 ქულამდე შეამცირა. შემდეგ სხვაობა ისევ 28-ზე ავიდა და შემდეგ იმ ნიშნულზე გაჩერდა, რა სხვაობითაც წინა მატჩი დასრულდა – 100:74.
მთიელმა სერია რომ წააგო, თავის თავს უნდა დააბრალოს, რადგან ძირითადი დროის ბოლო 15 წამში 3 საჯარიმო ააცილა, საიდანაც 1-იც რომ ჩაეგდო, შეხვედრა მისთვის სასურველი ანგარიშით დასრულდებოდა. გიორგი გოგიამ 2-ქულიანი ჯარიმის თანხლებით ჩააგდო, ჩამორჩენა 26 ქულამდე შეამცირა და ბონუს სროლა ააცილა. აცილებული ბურთი მისმა თანაგუნდელმა, მარკიზ ჯექსონმა მოხსნა, თორთლაძეს გადააწოდა და ამ უკანასკნელზე ბურჯის ფორვარდი გუჯა ხვედელიძე დაჯარიმდა. თორთლაძემ ორივე საჯარიმო ააცილა, 26-ქულიანი სხვაობა ძალაში დარჩა და დროც ამოიწურა.
მატჩი 100:74 დასრულდა და რაკი 2 მატჩის ჯამში თანაბარი ანგარიში (167:167) დაფიქსირდა, დაინიშნა დამატებითი 5-წუთეული. ოვერტაიმში თელაველებმა მაოხერხეს მისტიური 26-ქულიანი ზღვრის გადალახვა და 111:82 გამარჯვებით ორმატჩიანი სერია მოიგეს.
ბურჯმა 17 სამქულიანი ჩააგდო, მთიელმა კი მხოლოდ 4, თუმცა მხოლოდ ეს კომპონენტი არ ყოფილა შედეგის განმსაზღვრელი. თელავის გუნდმა შემართებისა და მოგებისკენ დაუოკებელი ლტოლვით მოიგო და “ა” ლიგაში შესასვლელად ერთი ნაბიჯი აკლია. “თბილისი სითისა” და თელავის ბურჯის საპლეიოფო სერიის პირველი მატჩი თელავში, 21 დეკემბერს, ხოლო 24-ში, თბილისში გაიმართება.