“ა” ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში “თსუ-ჰიუნდაიმ” დამაჯერებელი სხვაობით – 105:75 სძლია “ტიტებს” და სუპერლიგას მიუახლოვდა. სერია 3 მოგებამდეა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი თსუ-ჰიუნდაელები კი 2:0 იგებენ და მესამე გამარჯვების შემთხვევაში “ა” ლიგის გამარჯვებულები და ავტომატურად, სუპერლიგის მომავალი სეზონის საგზურის მფლობელები გახდებიან.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფინალური სერიის მეორე მატჩი დაძაბული არ ყოფილა. “თსუ-ჰიუნდაიმ” პირველივე წუთებზე რომ მოიპოვა ლიდერობა, უპირატესობა თამაშის ბოლომდე არ დაუთმია. მეტ-ნაკლებად თანაბარი საწყისი 5-წუთეულის შემდეგ, პერიოდის მეორე ნახევარში თსუ-ჰიუნდაელებმა სამიზნე გაისწორეს და “ტიტების” ზონურ დაცვას ზუსტი სამქულიანებით ეფექტი დაუკარგეს.
მხოლოდ კოკა ტომარაძემ პირველ პერიოდში 4 სამიანი ჩააგდო და როცა მას თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი, პირველი პერიოდის ბოლოს “თსუ-ჰიუნდაის” 20-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა – 32:12. მეორე მეოთხედში “ტიტების” მცდელობა, ვითარება გამოესწორებინა, უშედეგოდ დასრულდა, რადგან თსუ-ჰიუნდაელებმა კონტროლი ფარქვეშეთშიც დაამყარეს და მეტოქეს გაქანების ყველა გზა მოუჭრეს.
მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდ შესვენებაზე უკვე გარკვეული იყო – 61:30 “თსუ-ჰიუნდაის” სასარგებლოდ, რომელმაც მეორე ნახევარშიც არ დათმო პოზიციები და საბოლოოდ 30-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა. როგორც სერიის პირველ მატჩში, ჩერქეზიშვილ-ძიძიგურის გაწვრთნილმა თსუ-ჰიუნდაელებმა ამჯერადაც გუნდურად ითამაშეს. 6 კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან საუკეთესო შედეგი სერბ სტოიან კნეჟევიჩს ჰქონდა – 24 ქულა, 8 მოხსნა. ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა, ხოლო კოკა ტომარაძემ და დენიელ უილიამსმა 17-17 ქულა მიითვალეს. “ტიტებში” 31 ქულით საუკეთესო იყო ბესო ლეჟავა, რაშად რენსომის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.
ფინალური სერიის მე-3 მატჩი 23 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 19:15 საათზე გაიმართება.