შედეგები
სუპერლიგაში გადასასვლელი ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში
შევიდა. დღეს მე-12 ტურის დარჩენილ 2 შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა,
სადაც ერთმანეთს პირველი ადგილისა და შესაბამისად, სუპერლიგის საგზურის მთავარი კანდიდატები
– მარნეულის „დელტა“ და „თსუ-ჰიუნდაი“ შეხვდნენ.
აღნიშნულ ცენტრალურ მატჩამდე „ტიტებისა“ და სეუ-ს მატჩი
შედგა. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდს მიმდინარე სეზონში მოგება ჯერ ვერ
მოუპოვებია და ეს უიღბლო ტრადიცია „ტიტებთანაც“ გაუგრძელდა. არადა, სეუ-ელებმა ღირსეულად
და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა კლასით უფრო მაღლა მდგომ გუნდს ვერ აჯობეს.
„ტიტებმა“ საბოლოოდ 76:65 გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე
გადაინაცვლა. გამარჯვებულებს 30 ქულითა და 10 მოხსნით რაიან აარონმა ულიდერა. 16 ქულა
მიითვალა გიორგი დვალმა, ხოლო ლაშა გამყრელიძის ანგარიშზე 5 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა
დაგროვდა. სეუ-ში 20 ქულით საუკეთესო იყო კახა გიორგაძე.
ლიდერთა მატჩს რაც შეეხება, „დელტასა“ და „თსუ-ჰიუნდაის“
შორის ბრძოლა არ შედგა. სტუდენტურმა გუნდმა შეხვედრის დებიუტშივე მოახერხა დამაჯერებელი
ლიდერობის მოპოვება – 14:0 დაწინაურდა და დარჩენილ დროში მარნეულისთვის წარმატების
შანსი არ მიუცია.
არადა, მარნეულის გუნდს რომ მოეგო, ერთპიროვნულ ლიდერობას
2-ქულიანი უპირატესობით იმაგრებდა და დარჩენილ 3 ტურში ამ ჰანდიკაპს დიდი ალბათობით
შეინარჩუნებდა. თუმცა სანდრო სანაძისა და კრისტოფერ ანდერსონის, ასევე „თსუ-ჰიუნდაის“
დანარჩენი კალათბურთელების ძალისხმევით თბილისელებმა ისე იმარჯვეს, ვითარება არც დაძაბულა
– 84:63.
გამარჯვებულებს 25 ქულით ულიდერა სანდრო სანაძემ, კრის
ანდერსონის ანგარიშზე კი 11 ქულა და 13 პასი დაგროვდა. 15 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა
მატჩი კრისტოფერ გაბრიელმა. „დელტაში“ 11-11 ქულა ჰქონდათ დეანდრე რეის და სოსო ლეჟავას.
„დელტა“ და „თსუ-ჰიუნდაი“ ქულებით გათანაბრდნენ, პირად შეხვედრებში კი უპირატესობას
მარნეულის გუნდი ფლობს.