გუშინ წყალტუბოში დაწყებული “ა” ლიგის მე-5 ტური დღეს თბილისში დასრულდა. “თსუ-ჰიუნდაიმ” იმერული კლუბი სტუმრად 89:75 დაამარცხა და ცხრილში მეორე ადგილი გაიმყარა. დღეს კი თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ “თსუ-ჰიუნდაიმ” საზიარო პირველი ადგილიც მოიპოვა.
გათამაშების დაუმარცხებელმა ლიდერმა “ტიტებმა” დღეს პირველი წაგება იგემა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ გუნდს მამუკა ტურაშვილის “არენამ” სძლია. არენელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას უმეტესად ჩამორჩებოდნენ, ბოლო წუთბი შესანიშნავად ჩაატარეს და დაძაბულ ბრძოლაში – 88:85 იმარჯვეს.
არენელებს 27 ქულით დარელ ბრენტლიმ ულიდერა. 18 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა არმანი ფლანინგანმა, ხოლო ევან კელიმ გამარჯვებულებს 15 ქულა შესძინა. “ტიტებში” 22 ქულით საუკეთესო იყო ბესიკ ლეჟავა, ხოლო ანტუან სპეისიმ 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
ტურის ბოლო მატჩი “ა” ლიგის დებიუტანტები შეხვდნენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა 10 ქულის სხვაობით – 93:83 დაამარცხა “თბილისი”. გამარჯვებულთაგან 32 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით საუკეთესო იყო რაიან აარონი. 19 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა ამერიელმა მაიკლ თორნმა. “თბილისში” 19-19 ქულით ზურა მაისურაძე და სოსო გოგნაძე გამოირჩნენ.
მომდევნო ტურის მატჩები 28 თებერვალსა და 1 მარტს გაიმართება.