ცვლილებების ტური: გორის პირველი გამარჯვება, ლიდერის მარცხი და წყალტუბოს გალიდერება

ცვლილებების ტური: გორის პირველი გამარჯვება, ლიდერის მარცხი და წყალტუბოს გალიდერება

შედეგები „ა“ ლიგის მორიგ ტურში მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა.
პირველადგილოსანმა „არენამ“ ბოლოადგილოსან თსუ-სთან წააგო, ხოლო გორის „დილამ“ სეზონის
პირველი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება მესამე შეხვედრას, „წყალტუბომ“ „კაკტუსი“
იოლად დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

სამივე მატჩი საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა, პირველ
შეხვედრაში გორის „დილა“ და „სეუ-ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ. შიდაქართლურმა გუნდმა მიმდინარე
სეზონში არაერთი მატჩი წააგო ბოლო წუთებზე. ამჯერად ლაშა თოიძის გუნდმა იმ უპირატესობის
ბოლომდე შენარჩუნება მოიპოვა, რომელსაც შეხვედრის განმავლობაში ფლობდა.

გორელებმა საბოლოოდ 88:82 იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი
28 ქულით ზვიად ბაბიაშვილმა დაიდო. 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ვლადიმერ ბეჟანიშვილმა.
ჰიუნდაელთაგან 24 ქულითა და 14 მოხსნით ირაკლი ალხანაიძე გამოირჩა.

მეორე მატჩში უკრაინელი სერჰი ალფიოროვის წინამძღოლობით
„წყალტუბომ“ „კაკტუსი“ გაანადგურა. იმერულმა კლუბმა პირველი მეოთხედი 21:10 მოიგო,
მეორე – 17:12, ხოლო მესამე – 24:11. ბოლო პერიოდს აზრი დაეკარგა – „წყალტუბომ“ დამსახურებულად
გაიმარჯვა, რაშიც ალფიოროვის წვლილი უდიდესია. უკრაინელ გამთამაშებელს სამმაგ დუბლამდე
1 პასი დააკლდა – 28 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, რასაც 4 ჩაჭრაც მოაყოლა.
19 ქულით გიორგი კუჭავა გამოირჩა, ხოლო წყალტუბოელთა მეორე უკრაინელმა – ალექსანდრ
რიხლიუკმა 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

დაბოლოს, ტურის და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი
მოულოდნელობა. „გორის“ გამარჯვების შემდეგ თსუ-მ ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, რომელიც
ტურის უკანასკნელ მატჩში ლიდერ „არენას“ ხვდებოდა. ტრიბუნაზე სჭარბობდნენ და აქტიურობით
გამოირჩეოდნენ წყალტუბოელი ქომაგები, რომლებიც საკუთარი გუნდის გამარჯვების შემდეგ
აკადემიის დარბაზში დარჩნენ და თსუ-ს ქომაგობდნენ.

ქომაგობამ გაჭრაო, ვერ ვიტყვით, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც აქამდე მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა მოგებული, შედეგიანად
ითამაშა, არენელებმა კი ის მობილიზება ვერ აჩვენეს, რითაც სეზონის დასაწყისიდანვე გამოირჩეოდნენ.
თანაბრად მიმდინარე მატჩის ბოლოს თსუ-ელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და გაიმარჯვეს
კიდეც – 89:87.

თსუ-ში 29 ქულით ვასილ ბერუაშვილი, ხოლო 27-ით მიხეილ
ფანჩულიძე გამოირჩა. 19 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ირაკლი ბეშქენაძეს. „არენას“ ვერ
უშველა ვერც ალექსანდრ კოსენკოვის ორმაგმა დუბლმა (25 ქულა, 12 მოხსნა) და ვერც ჯერემი
ბაინამის 23-მა ქულამ. კიდევ ერთი მებრძოლი ზუკა მაჩალაძე გახლდათ, რომელმაც 16 ქულა
და 11 მოხსნა მოაგროვა.

მომდევნო ტური 9 მაისს თბილისში
გაიმართება.