“ა” ლიგის მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს “ვერა” და “მეგა ბასკეტი” შეხვდნენ. რეგულარულ ჩემპიონატში ამ გუნდებმა მოგებ-წაგებათა თანაბარი ოდენობა (8-2) დააგროვეს და შესაბამისად მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს. ადგილებს პლეი ოფში აზრი დაეკარგა – ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა და ფინალის გზაზე მოზრდილი ნაბიჯი “ვერამ” გადადგა, რომელმაც “მეგა ბასკეტი” 86:73 დაამარცხა.
მეორე ნახევარფინალის მსგავსად, ამ წყვილშიც სერბი მწვრთნელების დუელი ვიხილეთ. გამარჯვება უფრო გამოცდილისა და ცნობილი სპეციალისტის – მილოშ პეიჩის გაწვრთნილ გუნდს დარჩა. ვერელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა დებიუტშივე რომ მოიპოვეს, თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ.
მართალია, “მეგა ბასკეტი” ბევრით არ რჩებოდა და შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, თუმცა ვულე მანდიჩის გუნდს ხან ძალა, ხანაც მიზანი ღალატობდა, დეფიციტი რომ აღმოეფხვრა და მოგებისკენ დაძრულიყო. “ვერას” სტაბილური ბურჯები ჰყავდა მოედნის ყველა მონაკვეთში: უკანა ხაზში გივი ბაქრაძე და ბრენდონ სლაი, შუაში უსწრაფესი და ფარზე ორიენტირებული ბრაისონ სკოტი, ხოლო ფარქვეშ, განსაკუთრებით დაცვაში – კამერუნელი გოლიათი ბერნარდ ნკალი. მათმა სტაბილურობამ და დანარჩენ ვერელთა შემართებამ მილოშ პეიჩის გუნდს კომფორტული გამარჯვება მოუტანა, რითაც “ვერა” 1 ნაბიჯით მიუახლოვდა “ა” ლიგის ფინალს.
20 ქულითა და 7 პასით გამარჯვებულებს ბრენდონ სლაიმ ულიდერა. 19 ქულა-6 პასით გივი ბაქრაძე გამოირჩა, ხოლო ბრაისონ სკოტმა ვერელებს 18 ქულა მიაშველა. უნდა გამოვარჩიოთ ბერნარდ ნკალის 8 დაფარება, რასაც კამერუნელმა ახმახმა 9 ქულა და 6 მოხსნა მოაყოლა. “მეგა ბასკეტში” 24 ქულით ბომბარდირი გახდა კორი სანდერსი, თუმცა ტატო ჩაჩიბაიას 20 ქულა უფრო გამოჩნდა, ვინც ბურთს იშვიათად ატარებს, თუმცა ვერელებს დღეს 6-დან 5 სამიანი ჩაუგდო.
ნახევარფინალური სერიი მე-2 მატჩი 4 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 19:45 საათზე გაიმართება.
ვერა – მეგა ბასკეტი
სტატისტიკა: 86:73