ვითას, სეუ-ს და თსუ-ს მორიგი გამარჯვებები

ვითას, სეუ-ს და თსუ-ს მორიგი გამარჯვებები

 შედეგები
 გალერეა

დღეს სპორტის ახალ სასახლეში საკალათბურთო „ა“ ლიგის 3 მატჩი გაიმართა, რითაც დასრულდა 2 წრე. მცირე შესვენების
შემდეგ გათამაშება ბოლო – მესამე წრით გაგრძელდება.

გასული
ტურის პირველ შეხვედრაში ერთამნეთს თბილისის სახელმწუფო უნივერსიტეტის გუნდი და „წყალტუბო“ დაუპირისპირდნენ. სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, წყალტუბოელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა იმერულ კლუბს აკლდა უკრაინელი ლეგიონერი ალექსანდრ რიხლიუკი, რაც თსუ-მ კარგად გამოიყენა.

შეხვედრა იმ გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც „ა“ ლიგაში დასარჩენად იბრძვის. თსუ-მ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია. მაქსიმუმი, რაც წყალტუბოელებმა მოახერხეს, ბოლო პერიოდში ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ თსუ-მ 80:64 იმარჯვა და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.

გამარჯვებულებს
26 ქულით ვასილ ბერუაშვილმა ულიდერა. 17 ქულა და
11 მოხსნა დააგროვა ლუკა ნოზაძემ, დავით დეკანოიძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. წყალტუბოელთაგან 20 ქულით საუკეთესო ზურა კორკოტაძე გახლდათ.

მორიგ მატჩში პრინციპული მეტოქეების  შედგა. „ვითამ“ პირველი წრის მატჩში „კაქტუსი“ დაამარცხა, თუმცა კაქტუსელთა ამერიკელი ლეგიონერთან არასამართლებრივი ურთიერთობის გამო წაგება – 0:20 ჩაეთვალა
(დამატებით 2 ქულაც ჩამოაკლდა). დღეს ეს გუნდები მეორე წრის მატჩში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და „ვითამ“, რომელსაც 3 დღის წინ გუნდის წამყვანი მოთამაშე – ომარ ტომასი გამოაკლდა, „კაქტუსს“ 65:53 სძლია.

თამაში „კაქტუსმა“ უკეთესად დაიწყო და პირველი მეოთხედი 23:12 მოიგო. მეორე პერიოდის საწყის 5 წუთში კაქტუსელებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, რაც „ვითას“ ქებული დაცვის დამსახურება იყო. შესაბამისად, ვითელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და დიდ შესვენებაზე 1-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მესამე პერიოდში ანდრე ჯონსისა და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით „ვითამ“ მეტოქე გატეხა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, ვითარება არ დაძაბულა. ჯონსმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა, ჩლაიძემ კი ვითელებს 16 ქულა შესძინა.

 

ტური სეუ-სა და „ვინგსის“ მატჩით დასრულდა. ეს გუნდები
ცხრილიში ბოლო 2 ადგილზე იყვნენ განთავსებულნი, ანუ თსუ-სთან ერთად სწორედ ისინი იბრძვიან
ლიგაში დასარჩენად და ამ მატჩის შედეგს ორივესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მართალია, სეუ ცხრილში მთელი 3 ქულით უსწრებდა „ვინგსს“,
თუმცა თამაშის მსვლელობისას ეს უკანასკნელი ტოლს არ უდებდა სტუდენტურ გუნდს და მატჩის
შუაწელში 15 ქულიანი ჩამორჩენაც გაუბათილა. ამან სეუ არ გატეხა და მესამე პერიოდში
ზუკა ბადრიძის წინამძღოლობით ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა გუნდმა 12-ქულიანი ლიდერობა
მოიპოვა.

ბოლო პერიოდში სეუ-ს კალათბურთელებმა პირველ ტაიმში
დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორეს და ლიდერობა, რომელიც დიდი შრომის შედეგად მოიპოვეს,
ბოლომდე დამაჯერებლად შეინარჩუნეს – 75:65.  

გამარჯვებულთაგან 24-24 ქულით საუკეთესონი იყვნენ არჩილ
პულუზაშვილი და ზუკა ბადრიძე. 12 ქულა ფუსეინ კამარამ მოიპოვა, ხოლო ტატო ჩაჩიბაიას
ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა – 9 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. „ვინგსში“ 16 ქულით
ზურა მაისურაძე გამოირჩა.
წყალტუბო – თსუ  64:80 

კაკტუსი – ვითა  53:65 

სეუ – ვინგსი  75:65