ანდრო ანთელიძე ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამაში ჩაერთო

ანდრო ანთელიძე ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამაში ჩაერთო

ფიბა-ევროპის მწვრთნელთა სერტიფიცირების პროგრამაში მორიგი ქართველი ჩაერთო. ახალგაზრდა მწვრთნელი, ანდრო ანთელიძე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში იმყოფება, სადაც ფიბა-ს 16-წლამდელთა ტოპ-გუნდების ევროჩელენჯერის პარალელურად მწვრთნელთა სერტიფიცირების პროგრამა მიმდინარეობს. ეს გახლავთ სამწლიანი პროგრამის (FECC ფიბა ევროპის სამწვრთნელო სერტიფიკატი) პირველი კურსი, რომელიც ტრადიციულად 16-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობისას იმართება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა  სამწლიანია და მისი სემინარები ყოველ ზაფხულს, ასაკობრივი საკონტინენტო ჩემპიონატების პარალელურად იმართება. პროგრამაში ჩართული მწვრთნელი პირველ წელს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ესწრება და მის პარალელურად მიმდინარე FECC-ის სემინარებში მონაწილეობს. შემდეგ ზაფხულს უკვე 18-წლამდელთა ჩემპიონატს და სემინარებს დაესწრება, ხოლო მესამე წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დასკვნით სემინარებს გაივლის და ფინალურ გამოცდას ჩააბარებს. აღვნიშნოთ, რომ FECC-ს პროგრამის მეორე კურსი ახლახან დახურეს ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ კონიაში, 18-წლამდელთა ევროჩელენჯერის პარალელურად მიმდინარე სამწვრთნელო პროგრამის სემინარ-გამოცდებზე იმყოფებოდნენ.

ანდრო ანთელიძეს სამწვრთნელო საქმეს ევროპის წამყვანი სპეციალისტები ასწავლიან: სვეტისლავ პეშიჩი, ნენად ტრუნიჩი, იანეშ დრვარიჩი, არიკ შივეკი და აისიმ ალთაი. მისი ყოველდღიური გრაფიკი ერთობ დატვირთულია. პროგრამა 14 აგვისტოს დაიწყო და აქამდე მის მონაწილეებს სემინარები შემდეგ თემებზე წაუკითხეს: ვარჯიშის ორგანიზება, მოთამაშეების პოზიციის პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური ტექნიკა/ტაქტიკა შეტევაში და დაცვაში, ფიზ-მომზადება, პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომა მოთამაშეებთან, სელექცია. პროგრამის მონაწილეებს მოუწიათ უშუალოდ მოედანზე, სავარჯიშო პროცესის დაგეგმარებასა და წარმართვაში მონაწილეობა, რასაც ზემოთნახსენები ცნობილი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

ანთელიძეს და პროგრამის სხვა მონაწილეებს უწევთ ევროჩელენჯერის თამაშებზე დასწრება და იმ მოთამაშე(ებ)ზე საგანგებო რეპორტის მომზადება, რომელსაც პროგრამის ლექტორი შეურჩევს. ერთი სიტყვით, FECC-ს პროგრამის ფარგლებში მისი მონაწილეები თანამედროვე საკალათბურთო მწვრთნელობას მსოფლიო დონის სპეციალისტებისგან სწავლობენ და პროგრამის ბოლოს, მესამე კურსის დახურვისას, ფიბა-ს მიერ გაცემულ საერთაშორისო სამწვრთნელო ლიცენზიას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფიბა-ს მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში FECC-ს პროგრამაში ქართველი მწვრთნელები ყოველწლიურად ჩაერთვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ზაფხულს ჩვენს ქვეყანას აღნიშნული პროგრამის ყოველ კურსზე (I, II და III) ეყოლება წარმომადგენელი. შესაბამისად ყოველწლიურად გაიზრდება ფიბა-ს მიერ სერთიფიცირებული ახალგაზრდა მწვრთნელების რიცხვი. 

საკმაოდ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად ანთელიძე გამოცდილი მწვრთნელია. მან კარიერა ასაკობრივ გუნდებში დაიწყო, გასულ სეზონში კი სუპერლიგაში “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის, დავით როგავას ასისტენტი იყო. მომავალ სეზონში ის უკვე მოქმედ ჩემპიონ “რუსთავში” იმუშავებს, სადაც მთავარი მწვრთნელის, ანატოლი ბოისა ასისტენტი იქნება.