დავით ნოზაძემ და ჯაბა ბაქრაძემ ფიბა-ს FECC-ეს სამწვრთნელო პროგრამის მე-2 კურსი გაიარეს

დავით ნოზაძემ და ჯაბა ბაქრაძემ ფიბა-ს FECC-ეს სამწვრთნელო პროგრამის მე-2 კურსი გაიარეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი აქტიურად აგრძელებენ ფიბა-ევროპასთან თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც ქართველი მწვრთნელები აგრძელებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სამწვრთნელო პროგრამაში მონაწილეობას. FIBA Europe Coaching Certificate – ეს გახლავთ ფიბა-ს ყველაზე პრესტიჟული სამწვრთნელო პროგრამა, რომელიც  სამწლიანია და ის ათამდე ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელმა გაიარა. პროგრამის ფარგლებში, მისი მონაწილეთათვის ყოველ ზაფხულს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების (16, 18 და 20-წლამდელები) პარალელურად სემინარები იმართება, რასაც გამოცდები მოჰყვება, რის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები FECC-ის სერტიფიკატებს იღებენ. ამჯერად, FECC-ს პროგრამაში 2 ქართველი მწვრთნელი – დავით ნოზაძე და ჯაბა ბაქრაძე არიან ჩართულნი. პროგრამის პირველი კურსი შარშან, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჩატარდა, სადაც ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატი (A დივიზიონი) მიმდინარეობდა.

პროგრამის მე-2 კურსი გასულ დღეებში ფინეთის ქალაქ ტამპერეში დაიწყო და ხვალ დასრულდება, სადაც 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონი მატჩები მიმდინარეობს. პროგრამის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია.მონაწილეებს დილიდან სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უწევთ თეორიული სემინარების მოსმენა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზებში, პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ინაცვლებენ, საღამოს კი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღის ცენტრალურ მატჩებს ესწრებიან და ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ თუ სათამაშო კომპონენტებს განიხილავენ.

პროგრამაში წამყვანი ევროპელი მწვრთნელები მონაწილეობენ, რომელთაგან გამოსარჩევნი არიან ნენად ტრუნიჩი, პაბლო ლასო, ერდემ ჩაბი და მარკო რამონდინო. მომავალ წელს ბაქრაძესა და ნოზაძეს FECC-ის პროგრამის ბოლო, მესამე ეტაპის გავლა მომავალ წელს ელით, რომელიც ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პარალელურად გაიმართება.

დავით ნოზაძე: “ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა მწვრთნელების განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, მის ფარგლებში ძალიან ცნობილი და გამოცდილი მწვრთნელები კითხულობენ ლექციებს და გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. სემინარების გარდა არის დაკომპლექტებული დისკუსიის ჯგუფები, სადაც შეუძლიათ მონაწილეებს ნებისმიერი კითხვის დასმა და მათზე ამომწურავი პასუხების მიღება. ასევე მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ხვდები, იცნობ და ურთიერთობას ამყარებ სხვადასხვა ქვეყნის მწვრთნელებთან, რომლებიც ანალოგიურად გადიან სამწვრთნელო კურსს. მთავარი, შედეგი ამ პროგრამისა არის ის სამწვრთნელო სერტიფიკატი, რომელსაც ფიბა-ს შესაბამისი ორგანო გასცემს პროგრამაში მონაწილეობის 3 წლის თავზე მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში. ეს არის ის, რაც მწვრთნელებს დიდად ეხმარება პროფესიულ წინსვლასა და დაოსტატებაში”.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი FECC-ისა და ფიბა-ს სხვადასხვა პროფილის სამწვრთნელო პროგრამებში აქტიურადაა ჩართული, რაც ყოველწლიურად ახალგაზრდა მწვრთნელების უცხოეთში მივლინებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვაში გამოიხატება.