Jr. NBA-ის სამწვრთნელო პროგრამა

Jr. NBA-ის სამწვრთნელო პროგრამა

Jr. NBA-ის სამწვრთნელო ონლაინ პროგრამა ამ კვირას ორი შესანიშნავი სესიით გრძელდება: 8 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პატრიკ მუტომბოსთან, ხოლო 9 სექტემბერს, 24:00 საათზე დარკო რაჯაკოვიჩთან ერთად. 

ამჟამად პატრიკ მუტომბო არის NBA G ლიგაში ტორონტო რეპტორსის შვილობილი გუნდის, რეპტორს 905-ის მთავარი მწვრთნელი, ხოლო თავად ტორონტო რეპტორსში მწვრთნელის თანაშემწე 2016 წლიდან. მან მოიგო თავისი პირველი ჩემპიონატი, როდესაც რეპტორსმა დაამარცხა გოლდენ სტეიტ უორიორსი NBA– ს ფინალში. რეპტორსში გაწევრიანებამდე, ის იყო დენვერ ნაგეთსთან, როგორც მოთამაშეთა განვითარების კოორდინატორი 2011-12 წლების სეზონში. მუტომბო, როგორც მწვრთნელი მონაწილეობს NBA– ს ყოველწლიურ Basketball Without Borders აფრიკის ბანაკში და სხვა საკალათბურთო ბანაკებში მთელ აფრიკაში. როგორც მოთამაშე, მუტომბო ექვსი წელი პროფესიონალურად თამაშობდა იტალიაში, საბერძნეთსა და NBA განვითარების ლიგაში.

რაც შეეხება დარკო რაჯაკოვიჩს, ის ამჟამად გახლავთ მემფის გრიზლის მწვრთნელის თანაშემწე. გრიზლისში გაწევრიანებამდე ის იყო მწვრთნელის თანაშემწე ოკლაჰომა სიტი ტანდერსა და ფენიქს სანსში. დარკომ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო კაჩაკში (სერბეთი), მის მშობლიურ ქალაქში. სერბეთში მწვრთნელის გამოცდილების შემდეგ, რაჯაკოვიჩი გადავიდა ესპანეთში და გახდა Torrelodones– ის მთავარი მწვრთნელი 2009 წლიდან 2012 წლამდე, სადაც მან შეძლო გუნდის დახმარება მე –5- დან  მე –4 დივიზიონში გადასვლაში. 2012 წელს, როდესაც ის შეუერთდა Tulsa 66ers– ს, რაჯაკოვიჩი გახდა პირველი მწვრთნელი NBA G ლიგის ისტორიაში, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ დაიბადა. დარკო ორი წლის განმავლობაში განვითარებაში დაეხმარა ტულსას 11 კალათბურთელს, რომლებიც NBA– ს შემადგენლობაში აღმოჩნდნენ 2013-2014 წლების სეზონში, მათ შორის ისეთი კალათბურთელები, როგორებიც არიან რეჯი ჯექსონი და ჯერემი ლამბი. 

შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.

რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 

Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB