მწვრთნელთა B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდისთვის რეგისტრაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდზე დღეიდან დაიწყება და 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მწვრთნელებმა, ვისაც  მომავალ სალიცენზიო გამოცდაში მონაწილეობა სურთ, საჭირო დოკუმენტაცია და პირადი მონაცემები ფედერაციის ვებ-გვერდზე მითითებულ სარეგისტრაციო გვერდზე უნდა  ატვირთონ. აქვე შეგახსენებთ, რომ B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდაზე გასვლა მხოლოდ C ლიცენზიის მფლობელ მწვრთნელებს შეუძლიათ.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა კალათბურთის მწვრთნელთა კავშირისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით უკვე მე-7  წელია, წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები C კატეგორიის ლიცენზიას იღებენ, რომელიც 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობისთვისაა საჭირო. რაც შეეხება B კატეგორიას, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ 14-20 წლამდე მოზარდებთან მუშაობა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდების გამოყვანა. 

დღემდე C კატეგორიის ლიცენზია უკვე 400-ამდე მწვრთნელმა აიღო, ხოლო B კატეგორიის მფლობელთა რიცხვი დაახლოებით 40-ს შეადგენს. გამოცდის თარიღი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდაზე რეგისტრაციის ბმული: რეგისტრაცია