მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის სალიცენზიო გამოცდისთვის რეგისტრაცია 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყო და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე მიმდინარეობს, სადაც მწვრთნელებს საჭირო დოკუმენტაციისა და პირადი მონაცემების ატვირთვა მართებთ, რათა უახლოეს სალიცენზიო (C კატეგორია) გამოცდაში მონაწილეობის უფლება მიიღონ.
კალათბურთის მწვრთნელთა კავშირისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მე-5 წელია, წარმატებით მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, რომელიც 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები C კატეგორიის ლიცენზიას იღებენ, რომელიც 14 წლამდე მოზარდებთან მუშაობისთვისაა საჭირო.
დღემდე C კატეგორიის ლიცენზია სამასამდე ადამიანმა აიღო, თუმცა მწვრთნელობის დამწყებთა რიცხვი პერიოდულად იზრდება და ლიცენზიის აღების მოთხოვნილებაც აქტუალურია. მწვრთნელთა კავშირი კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად პერიოდულად ატარებს სალიცენზიო სემინარ-გამოცდებს და მორიგი ასეთი ღონისძიება სექტემბერში დაიგეგმა.
რეგისტრაციის გავლა 1 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი განისაზღვრება. ➡ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა – სარეგისტრაციო ფორმა