ოლიმპიურ სასახლეში მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები გაიმართა

ოლიმპიურ სასახლეში მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები გაიმართა

დღეს, 16 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამით გათვალისწინებული ტესტირება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 20-ამდე მწვრთნელმა მიიღო. მწვრთნელებმა ჯერ წერითი ტესტები შეავსეს, შემდეგ კი პრაქტიკულ გამოცდებშიც მიიღეს მონაწილეობა. 

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და მწვრთნელთა კავშირმა 2015 წელს დაიწყეს და პირველი ეტაპის ფარგლებში 300-ზე მეტ მწვრთნელს მისცეს C კატეგორიის ლიცენზია, რომელიც 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობისთვისაა საჭირო. 

დღევანდელ გამოცდაში მონაწილეებს დაურიგდათ 50 საკითხისგან შემდგარი დიაგრამები, რომლებიც იმ ძირითადი საკალათბურთო კომპონენტებისგან, კომბინაციებისგან და სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდებისგან შედგებოდა, რომლებიც 14 წლამდე მოზარდებში მუშაობისთვისაა აუცილებელი. პრაქტიკული გამოცდები კი ცნობილმა ქართველმა კალათბურთის სპეციალისტებმა – გივი ბიჭიაშვილმა, ანტონ კაზანჯიანმა, დავით უსტიაშვილმა და გელა წულაძემ ჩაიბარეს.

ანალოგიური, C კატეგორიის გამოცდები ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 17 იანვარსაც გაიმართება, რომელიც 11:30 საათიდან დაიწყება. გამოცდაში მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასპი და კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი.

საკონტაქტო: 599 441624