საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი აქტიურად აგრძელებენ ფიბა-ევროპასთან თანამშრომლობას და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სამწვრთნელო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელების ახალი ნაკადი მიავლინეს. აღნიშნული პროგრამა (FIBA Europe Coaching Certificate) სამწლიანია და გასულ თვეში მისი სერთიფიკატები დიმიტრი ჯაკობოვმა და დავით როგავამ მიიღეს. პროგრამის ფარგლებში, მისი მონაწილეთათვის ყოველ ზაფხულს ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების (16, 18 და 20-წლამდელები) პარალელურად სემინარები იმართება, რასაც გამოცდები მოჰყვება და წარმატებულ მწვრთნელებს FECC-ის სერფიფიკატები ეძლევათ.
სწორედ აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვნენ ირაკლი ძიძიგური და ანატოლი ბოისა, რომლებიც სემინარებზე დასასწრებად იტალიის ქალაქ უდინეში გაემგზავრნენ, სადაც ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატი (A დივიზიონი) მიმდინარეობს. FECC-ის პროგრამის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია.მონაწილეეებს დილიდან სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უწევთ თეორიული სემინარების მოსმენა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზებში, პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ინაცვლებენ. საღამოს კი 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღის ცენტრალურ მატჩებს ესწრებიან და ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ თუ სათამაშო კომპონენტებს განიხილავენ.
პროგრამაში წამყვანი ევროპელი მწვრთნელები მონაწილეობენ, რომელთაგან გამოსარჩევნი არიან სერბი სვეტისლავ პეშიჩი, ესპანელი პაბლო ლასო, ებრაელი არიკ შივეკი და სხვები. ანატოლი ბოისა და ირაკლი ძიძიგური იტალიაში ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩებიან, რის შემდეგაც პროგრამის პირველ ნაწილს დახურვენ, სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საქართველოს შიდაჩემპიონატებში გამოიყენებენ და დახვეწენ. მომავალ წელს FECC-ის პროგრამის მეორე ეტაპის გავლა მათ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ელით, ხოლო 2021 წელს პროგრამის დასკვნითი ეტაპი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პარალელურად გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი FECC-ისა და ფიბა-ს სხვადასხვა პროფილის სამწვრთნელო პროგრამებში აქტიურ ჩართულობას გეგმავს, რაც მომავალში, ყოველწლიურად ახალგაზრდა მწვრთნელების უცხოეთში მივლინებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვაში გამოიხატება.