საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, ქართველი მწვრთნელებისთვის პერიოდულად ონლაინ-სემინარები იმართება. მორიგი თემა გახლდათ შეტევაში განლაგება და სივრცეების გამოყენება, რის შესახებაც დაახლოებით 50 წევრისგან შემდგარ ონლაინ-აუდიტორიას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ასისტენტი მილოშ გლიგორიევიჩი ესაუბრა.
სხვათა შორის, ილიას ზუროსი მსმენელთა შორის იყო და ბოლომდე დაესწრო თავისი ასისტენტის საკმაოდ საინტერესოდ მომზადებულ პრეზენტაცია-სემინარს. აღნიშნული საკალათბურთო კომპონენტების შესახებ არსებული წესებისა და პროფესიული რჩევების გაცნობა განსაკუთრებით საინტერესო იყო ქართული საკალათბურთო სკოლების ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ონლაინ-კონფერენციების პრაქტიკა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ყველანაირი სპორტული აქტივობა შეწყდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ონლაინ-სემინარები და სხვადასხვა სწავლებები არაერთი მიმართულებით მიმდინარეობს, რომლებსაც საკუთარ დარგში ევროპის მაღალი დონის სპეციალისტები უძღვებიან.
დღეს არის დაგეგმილი მსაჯთა კავშირის ონლაინ-სემინარი, რომელსაც ფიბა-ში საქართველოს მსაჯთა ინსტრუქტორი და სუპერვაიზერი, გრეგორი ზიემბლიცკი გაუძღვება. რაც შეეხება მწვრთნელთა ონლაინ-სემინარებს, მორიგი თემა სავარაუდოდ ფიზმომზადება იქნება, ხოლო 300-წევრიანი საქართველოს მწვრთნელთა ფეისბუქ-გვერდზე ახალ-ახალი თემატური ვიდეო-გაკვეთილების განთავსება კვლავ გაგრძელდება.