გერმანიაში ფიბა ევროპის თასის მატჩის სათამაშოდ ჩასულმა თსუ-მა გიოტინგენის, სპარკასენ არენაზე პირველი ვარჯიში გამართა. დაახლოებით 2000 ათას მაყურებელზე გათვლილ დარბაზში ლექსო ლაფანაშვილმა თავის ასისტენტებთან – დიმიტრი ჭელიძესთან და ნიკა მსხალაიასთან ერთად გუნდი ზედმეტი დატვირთვების გარეშე, ძირითადად კომბინაციებზე ავარჯიშა.
სოლიდური ნაწილი მოთელვებს დაეთმო, რადგან ნამგზავრ კალათბურთელებს ტონუსი აღედგინათ და ვარჯიშს ფორმაში შეხვედრილიყვნენ. როგორც ცნობილია, თსუ გიოტინგენში ნაკლული შემადგენლობით იმყოფება. გუნდს გერმანიაში ვერ გაჰყვა გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელსაც ტრავმა აწუხებს, ხოლო რატი ანდრონიკაშვილს წინაა კლუბისგან გათავისუფლების ფურცელი ჯერ არ მიუღია და თსუ-ში ჯერ არ იმყოფება. ამიტომაც სამატჩო განაცხადში არსებულ 12 მოთამაშის ადგილს თსუ გიოტინგენთან მატჩში ვერ შეავსებს.
გუნდთან პირველი ვარჯიში გამართა ამერიკელმა კემერონ კრინსტონმა, რომელიც გუნდს გერმანიაში გამომგზავრებამდე შეუერთდა. გიოტინგენში ჩატარებული პირველი ვარჯიშის შემდეგ ჯერაც უცნობია, მიეცემა თუ არა კრენსტონს მოედანზე გასვლის საშუალება.
თსუ გიოტინგენის დარბაზში დღეს დილის 11:00 საათზე მსუბუქად, ძირითადად სროლებში ივარჯიშებს, ხოლო ფიბა ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გიოტინგენთან 19:30 საათზე (თბილისის დროით 21:30) ჩაატარებს. ევროპული ტურნირის მორიგი მატჩი თსუ-ს ერთ კვირაში, 25 ოქტომბერს, თბილისში, კვიპროსულ კერავნოსთან ელის.