ვართანოვმა და თვაურმა ფიბა-ს ახალი არბიტრების შეკრება ხორვატიაში გაიარეს

ვართანოვმა და თვაურმა ფიბა-ს ახალი არბიტრების შეკრება ხორვატიაში გაიარეს

მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური, რომლებმაც ფიბა-ს არბიტრის ლიცენზია რამდენიმე დღის წინ მიიღეს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე იმყოფებოდნენ.

„ფიბა-ს ახალი მსაჯების კლინიკა“ – ეს გახლავთ პროგრამა, რომელშიც ფიბა-ს ახალი ლიცენზიანტი არბიტრები მონაწილეობენ. ეს პროგრამა თავის დროზე გავლილი აქვს თითქმის ყველა იმ გამოცდილ მსაჯს, რომელიც დღეს ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ მატჩებს ემსახურება.

2019 წლის კლინიკა ევროპის 87-მა ახალმა ლიცენზიანტმა არბიტრმა – მათ შორის მიხეილ ვართანოვმა და კირილე თვაურმა გაიარა. ზაგრებში შეკრებილი ევროპის წამყვანი ინსტრუქტორები ფიბა-ს ახალ მსაჯებს 3 დღის განმავლობაში უტარებდნენ სემინარებსა და მეცადინეობებს ყველა იმ აუცილებელი კომპონენტში, რაც აუცილებელია თანამედროვე არბიტრისთვის. 87 მსაჯის მოსამზადებელი პროგრამა მთელ დღეზე იყო გადანაწილებული და შედგებოდა როგორც ფიზიკური, ისე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან.

„ზაგრებში ფიბა-ს ყველა ახალი არბიტრი იმყოფებოდა და რა თქმა უნდა, თითოეულ მეცადინეობას, სემინარს თუ ვარჯიშს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ფიზმომზადებასთან და კალათბურთის წესებთან დაკავშირებულ სემინარებთან ერთად ჩვენ გვქონდა ფსიქოლოგიურად მოსამზადებელი  მეცადინეობები. ასევე შევხვდით თავის საქმეში წარმატებულ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ სპეციალისტს. მთლიანობაში, კლინიკამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, რამაც პირადად მე მეტი დამაჯერებლობა და მოტივაცია შემმატა ფიბა-ს ორგანიზებით გამართული მატჩების მოსამსახურებლად“  – აღნიშნა ხორვატიიდან დაბრუნებულმა მიხეილ ვართანოვმა.

ფიბა-მ ახალი სეზონი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში ახალ ლიცენზიანტ მსაჯებს და მათ შორის ვართანოვსა და თვაურსაც მოუწევთ საერთაშორისო მატჩების მომსახურება.