29 ოქტომბერს 3X3 კალათბურთში თბილისის ტური დასრულდება. ფინალურ ტურნირს წინ 2 შესარჩევი ეტაპი უძღვოდა, რომლის შედეგადაც ის 16 გუნდი შეირჩა, რომლებიც დედაქალაქის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად იბრძოლებენ.
შესარჩევი ეტაპები ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში გაიმარტა და ორივე მათგანი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გამარჯვებით დასრულდა. თბილისის ტურის გათამაშების ფორმატი არ კრძალავდა პირველი შესარჩევი ეტაპის საუკეთესო გუნდების მეორე შესარჩევში მონაწილეობას. შესაბამისად, პირველი ეტაპის შედეგად ფინალის საგზურმოპოვებული გუნდებიდან რამდენიმემ მეორე შესარჩევ ეტაპშიც ითამაშა.
ასეთი გახლდათ ნახსენები სეუ, რომელმაც ორივე ეტაპი ტრიუმფით ჩაატარა. ორივე ტურნირში იასპარეზა გუნდმა „მუხბემაც“, რომელის პირველად ნახევარფინალში დამარცხდა, ხოლო მეორედ ფინალში გავიდა და მომავალ ჩემპიონ სეუ-სთან დამარცხდა. სეუ-ს შემადგენლობაში ძმებმა – დავით და ლაშა ეძგვერაძეებმა, კოტე ბიწაძემ და ვასილ კუტალაძემ ორჯერ აღმართეს თასი და დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური.
მეორე შესარჩევ ეტაპიდან ფინალში 8 საუკეთესო გუნდი უნდა გასულიყო და ასეც მოხდა. რადგან სეუ, „მუხბე“ და კიდევ რამდენიმე ის გუნდი, რომელსაც მოპოვებული ჰქონდათ ფინალის საგზური და კვლავ 8 საუკეთესოს შორის მოხვდნენ, გამსვლელმა კვოტამ დაბლა დაიწია და საბოლოოდ ფინალის მონაწილე 16 გუნდი შეირჩა.
თბილისის ტურის ფინალური ეტაპი 29 ოქტომბერს, ახალი სპორტის სასახლის მცირე დარბაზში ჩატარდება. გუნდების რეგისტრაცია 11 საათიდან დაიწყება.
თბილისის ტურის ორივე შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული სეუ