დასრულდა საქართველოს 3X3 კალათბურთის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირები. თბილისი, გორი, თელავი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბორჯომი დაბოლოს რუსთავი. ამ ქალაქებში ჩატარებული შესარჩევი ტურების შედეგად ის საუკეთესო გუნდები შეირჩნენ, რომლებიც 18 ივლისს, თბილისი მოლში საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონს გამოავლენენ.
რუსთავის ტური ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ქალაქის მერიასთან თავი 14-მა გუნდმა მოიყარა და ნამდვილი, ჯიგრიანი კალათბურთიც გაჩაღდა. დღის ბოლოსკენ გაწვიმდა და გადამწყვეტი მატჩების გამართვა „ქიმიკოსთა“ დარბაზში გახდა საჭირო, თუმცა ამან დაღი ვერ დაასვა იმ სანახაობას, რაც ტურნირის მონაწილეებმაა წარმოადგინეს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი – ეს 3X3 ჩემპიონატის ცალკე თემაა. ბექა ბექაურის, ზვიად ანთაძის, დავით და ლაშა ეძგვერაძეებისგან შემდგარმა გუნდმა ტურნირის ორგანიზატორების პარალელურად მთელი საქართველო შემოიარა და რომელ ტურშიც მიიღო მონაწილეობა, ყველაში იმარჯვა. სეუ-ს მხოლოდ თბილისურ და ზუგდიდურ ტურებში არ უთამაშია – ხოლო გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში და რუსთავში მოწოდების სიმაღლეზე იყო და პირველობა არავისთვის დაუთმია.
ასევე აღსანიშნავია გუნდი „Bench”-ი, რომელმაც სეუ-ს მსგავსად მთელი საქართველო შემოიარა და ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა. ამ გუნდში საქართველოს 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრების წევრები თამაშობენ და რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იტალიაში მიემგზავრებიან. საქართველოს ჩემპიონატში მიღებული გამოცდილება კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„Bench“-მა შემადგენლობით – კოტე ბიწაძე, ტატო ზუზაძე, ვასო კუტალაძე, მიხეილ ჯაჯვანი (ამ უკანასკნელს პერიოდულად კოტე ბიწაძის მამა ამირანი ენაცვლებოდა) – ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია უცვლელ ჩემპიონ სეუ-ს, თუმცა როცა ამ გუნდების გზები გადაიკვეთნენ, 18-წლამდელთა ნაკრებმა უნივერსიტეტელების დამარცხება ვერც ერთხელ ვერ მოახერხა. ამ გუნდების ჯახი იყო რუსთავული ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რომელიც ნახევარფინალში შედგა. დაძაბული, დრამატული და საინტერესო ორთაბრძოლა მომავალი ჩემპიონის, სეუ-ს გამარჯვებით – 21:18 დასრულდა.
ფინალში სეუ-ს გუნდს „ხაშხაშა“ დაუპირისპირდა ცნობილი ანატოლი ბოისას მეთაურობით. ბოისა ყველა დონეზე დიდად გამოცდილი და წარმატებული მოთამაშეა. საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია და წარსულში ეროვნული ნაკრების ღირსებას წლების მანძილზე იცავდა. მასთან ერთად “ხაშხაშას” ღირსებას იცავდნენ 18-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრი თორნიკე გაგუა და რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილები – სუპერლიგელი რეზო ჩაჩანიძე და გასულ სეზონში „ა“ ლიგის გუნდ კაკტუსში მოასპარეზე ჯაბა არაბული.
„ხაშხაშამ“ ფინალამდე გზა ერთი ამოსუნთქვით გაიარა. მხოლოდ ნახევარფინალში გაუჭირდა, თუმცა თანაქალაქელების გუნდ „რუსთავი 95“-ს 21:17 სძლია და ფინალში სეუ-ს დაუპირისპირდა. საჩემპიონო მატჩი სეუ-ს გამარჯვებით – 19:13 დასრულდა. გამარჯვებაში თითოეულმა სეუ-ელმა დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა საუკეთესოდ ზვიად ანთაძე აღიარეს, რომელმაც შესარჩევი ტურების რიგით მე-3 MVP-ის ტიტული ტრადიციულად გიგა გურგენიძისგან, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3X3 განყოფილების ხელმძღვანელისგან ჩაიბარა. მეორე ადგილზე გასული „ხაშხაშა“ და ჩემპიონი სეუ ქვემო ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ილია კეჭაყმაძემ დააჯილდოვა.
რუსთავული ტურის ფინალისტმა „ხაშხაშამ“ 18 ივლისის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, რადგანაც ჩემპიონი სეუ არა ქვემო ქართლს, არამედ თბილისს, უფრო კი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს წარმოადგენდა და რუსთავული ტურის დაჯილდოების ცერემონიალზეც ტრადიციულად, სხვა ქალაქების მსგავსად, სეუ-ს დროშა გაიშალა.
შეგახსენებთ, რომ ფინალური ეტაპის მომგები, საქართველოს ჩემპიონი გუნდი რუმინეთის დედაქალაქში, საერთაშორისო ტურნირში საასპარეზოდ გაემგზავრება. ჩემპიონის ბუქარესტში მგზავრობას უზრუნველყოფს 3X3 ჩემპიონატის პარტნიორი, ტურისტული კომპანია „თრეველინი“. საქართველოს ჩემპიონატის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.