3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა, რითაც მიზანს მიაღწია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. უნგრეთის ქალაქ შოლნოკში გამართულ შესარჩევ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც ფინალურ ეტაპზე 5 საუკეთესო გავიდა.
დავით აფხაზავას, ნიკა წირღვავას, გიორგი კორსანტიას და ნიკა ლოლიშვილის შემადგენლობით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ჰოლანდიას და სლოვაკეთს მოუგო, ევროპირველობის საგზურის მომტან მეოთხედფინალში კი ლიტვის ნაკრები 18:12 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ ჩეხეთის ნაკრებთან ბრძოლაში – 17:21 დამარცხდა.
მეორე ნახევარფინალში ბელგიამ უნგრეთს 13:10 მოუგო. ფინალური მატჩი ჩეხების გამარჯვებით – 14:13 გამარჯვებით დასრულდა. მეოთხედფინალში წაგებულმა გუნდებმა დამატებითი საკვალიფიკაციო გაითამაშეს მე-5 გუნდის გამოსავლენად. ეგრედ წოდებული რეპეშაჟი საფრანგეთმა მოიგო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასულ ჩეხეთს, ბელგიას, უნგრეთს და საქართველოს შეუერთდა.
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უნგრეთის ქალაქ დებრეცენში, მიმდინარე წლის 3-5 სექტემბერს გაიმართება.