დასანანი მარცხი იწვნია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე. უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე 3X3 კალათბურთის მსოფლიო პირველობაზე თითო მოგებ-წაგების შემდეგ ქართველებმა დღეს ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი გამართეს და პერტო რიკოს ნაკრებთან უპრინციპულეს მატჩში 15:20 წააგეს.
6-გუნდიანი ჯგუფიდან 4 საუკეთესო გადის და ქართველებს პუერტორიკოელების დამარცხების შემთხვევაში მეორე ეტაპზე გასვლა თითქმის განაღდებული ჰქონდათ. ჩვენმა ნაკრებმა გუშინ ინდონეზია დაამარცხა და დღესაც რომ მოეგო, ძლეულ 2 გუნდს სავარაუდოდ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთვის გადაასწრებდა, მაგრამ ჩანაფიქრი არ გამართლდა. ცენტრალური ამერიკის წარმომადგენელმა, რომელმაც აქამდე აშშ-სთან 4:21, ხოლო ესპანეთთან 10:21 წააგო, საქართველოსთან მობილიზებულად ითამაშა და 5 ქულის სხვაობით – 20:15 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრები დღეს კიდევ ერთ მატჩს გამართავს. თბილისის დროით 23:30 საათზე ქართველები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ხვალ კი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩია არგენტინასთან, რომელმაც დღეს აშშ-ს დაძაბულ ბრძლაში – 20:18 მოუგო.