დღეს საკალათბურთო აკადემიაში „ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირის 1 მატჩი გაიმართა. ტურნირზე თავისი პირველი მატჩი გამართა გორის „დილამ“, რომელიც 3-გუნდიან, „გ“ ჯგუფშია და პირველ ტურში ისვენებდა.
გორელთა მეტოქე „ნიკეა“ იყო, რომელიც გასულ პარასკევს, „სეუ-ჰიუნდაისთან“ 42:123 განადგურდა. „დილასთან“ ნიკეელები თავიდან კარგად თამაშობდნენ და პირველი მეოთხედის გარკვეულ პერიოდში ლიდერობდნენ კიდეც. თუმცა გორელებმა მეტოქის თამაშს მალევე აუღეს ალღო და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ.
გორის გუნდში თამაშობდნენ ვეტერანი კალათბურთელები – ვლადიმერ ბეჟანიშვილი, დავით მუშკუდიანი, ზვიად ბაბიაშვილი, ზურა ბადრიძე… „დილას“ ახალგარდა მოთამაშეებიც ჰყავს, რომელთაგან დავით აფხაზავას და მამუკა ბაზუაშვილს გამოვარჩევთ. საბოლოოდ გორელებმა დიდი სხვაობით – 94:67 იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი მუშკუდიანმა დაიდო – 19 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. 8 ქულა ჰქონდა აფხაზავას, ხოლო ბადრიძემ თავი 15 ქულას მოუყარა.
ამით „ნიკეამ“ დაასრულა ჯგუფური ეტაპი, თუმცა როგორც მესამეადგილოსანს, შანსი აქვს, საუკეთესო ექვსეულისთვის პლეი ოფში იბრძოლოს. „ა“ ლიგის შერარჩევი ტურნირის მორიგი მატჩები 17 თებერვალს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. ერთმანეთს კრისტალი-კაქტუსი და მარნეული-აკადემია შეხვდებიან.