სუპერლიგის „ა“ ლიგის შესარჩევი ტურნირი დაიწყო. დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი გაიმართა. მეორე შეხვედრა კლუბ ATB-ს ტექნიკური ხარვეზის გამო ჩაიშალა. სამოყვარულო ლიგის გუნდი თამაშზე კი გამოცხადდა, მაგრამ სათამაშო ფორმების შეკერვა ვერ მოესწრო და დებულების თანახმად, 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ ATB-ს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.
მეორე მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ „ა“ ჯგუფის წარმომადგენლები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და წყალტუბოს „კრისტალი“. მაყურებელმა საინტერესო და დაძაბული ბრძოლა იხილა, რომლის კვანძიც ბოლო წუთზე გაიხსნა.
წყალტუბოელები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ – ხან სოლიდურად, ხან 1-2 ქულით, მაგრამ ლიდერობას ბოლო წუთებამდე არ თმობდნენ. თსუ უკან სტაბილურად მისდევდა წყალტუბოელებს და თავისი შანსი ბოლოსწინა წუთზე გამოიყენა.
უკრაინელი ლეგიონერის დიდი დახმარებით „წყალტუბო“ გამარჯვებასთან ახლოს იყო. ტანმაღალმა ალექსანდრ რიხლიუკმა შესანიშნავად ითამაშა და ოპონენტები ყველა კომპონენტში დაჯაბნა. მან საბოლოოდ 31 ქულა, 14 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. უკრაინელმა ლეგიონერმა მოედანზე 38:40 წუთი გაატარა.
თსუ-ში ძველი უნივერსიტეტელები თამაშობდნენ – გიორგი გაფრინდაშვილი, მიხეილ ფანჩულიძე, ზურა მაისურაძე, ვახტანგ ჩქარეული. ეს კალათბურთელები 3 წლის წინ ერთად სუპერლიგაში, თსუ-ში თამაშობდნენ და ამ გუნდის დაშლის შემდეგ პროფესიულ დონეზე ერთად თამაშის შანსი კვლავ მიეცათ. მათი ძველი თანაგუნდელი, ზურა კორკოტაძე დღეს „წყალტუბოში“ თამაშობდა და უკრაინელ ლეგიონერს ფეხი კარგადაც აუწყო, თუმცა ბოლო წუთებზე იმერულ კლუბს გამარჯვების მოსაპოპვებლად ძალა არ ეყო.
უნივერსიტეტელებმა ლიდერობა თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოიპოვეს. ბოლო წუთი რომ დაიწყო, ანგარიშში სხვაობა 2 ქულა იყო, თუმცა ბოლო წამებზე თსუ-ს მოთამაშეებმა წყალტუბოელები გატეხეს და 10-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს – 75:65. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო მიხეილ ფანჩულიძემ, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. ფანჩულიძესთან ერთად 10-ქულიანი ზღვარი ჩქარეულმა დაძლია, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.
„ა“ ლიგის მორიგი მატჩები 12 თებერვალს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.
სუპერლიგის „ა“ ლიგა. საკალათბურთო აკადემია. 10 თებერვალი
წყალტუბო 65:75 თსუ
13:14, 20:15, 18:15, 14:31
წყალტუბო: რიხლიუკი (31 ქულა, 14 მოხსნა), კორკოტაძე (14 ქულა, 13 მოხსნა), კუჭავა (12)
თსუ: მიხეილ ფანჩულიძე (33), ჩქარეული (14), გაფრინდაშვილი (3 ქულა, 13 მოხსნა)
არენა-76 20:0 ATB