სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მე-5 ტურის ბოლო 3 შეხვედრას თბილისის ახალი
სპორტის სასახლე მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „აკადემია“ და „ბათუმი“
დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით – 72:56 დასრულდა.
„აკადემია“, რომელსაც მიმდინარე სეზონში გამარჯვება
ჯერ ვერ მოუპოვებია, ბათუმელებს ტოლ-სწორად მხოლოდ პირველ ნახევარში ეთამაშა. თანაბრად
მიმდინარე საწყისი 2 მეოთხედის განმავლობაში უმეტესად სტუმრები იგებდნენ, თუმცა ბათუმელთა
უპირატესობა 2-3 ქულას არ სცდებოდა და დიდი შესვენებისთვისაც მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა:
აჭარული გუნდი 33:32 იგებდა.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა მესამე პერიოდიდან, რომლის
დებიუტში ბათუმელებმა მატჩის სადავეები მოიხელთეს და შეხვედრის დასრულებამდე აღარ გაუშვიათ.
გუნდური თამაშის წყალობით დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა „ბათუმმა“ მესამე მეოთხედი
21:8 მოიგო და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.
„აკადემიამ“, რომელსაც ძირითადად ლეგიონერები – ბელარუსი
ვლადიმერ კრისევიჩი და ამერიკელი დეანდრე მეისი ლიდერობდნენ, ბოლო მეოთხედში ვითარების
შეცვლა ვერ მოახერხა. „ბათუმი“ აუღელვებლად მივიდა გამარჯვებამდე და სუპერლიგის ლიდერთ
შორის ადგილი გაიმყარა.
აჭარულ გუნდს 16 ქულით და 14 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა
ულიდერა. 16 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა უკრაინელმა იგორ კრივცოვმა, ლევან რევაზაშვილის
ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. „აკადემიაში“ 23 ქულითა და 10 მოხსნით კრისევიჩი გამოირჩა,
ამერიკელმა დეანდრე მეისმა კი 13 ქულა მოაგროვა.
დავით უსტიაშვილი,
„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი:
– შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა თამაშით – არა. პირველ
ტაიმში გაგვიჭირდა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. გუნდმა ბათუმიდან იმგზავრა, რამდენიმე
მოთამაშეს მცირე ტრავმა აწუხებდა, ერთი სიტყვით, არ იყო ოპტიმალური სიტუაცია და ეს
ყველაფერი თამაშზეც აისახა. კარგია, რომ გამარჯვების მოპოვება შევძელით. ვეცდებით,
რომ მომავალი ტურის მატჩს უკეთესად მომზადებულები შევხვდეთ.
გელა წულაძე, „აკადემიის“ მთავარი
მწვრთნელი:
– კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ გუნდი ჯერ კიდევ შეუთამაშებელია.
მესამე პერიოდის მე-5 წუთიდან ისეთი ბავშვური შეცდომები დავუშვით, რომ ფაქტიურად ამ
მომენტში გადაწყდა თამაშის ბედი და დავმარცხდით, რაც ისევ და ისევ, შეუთამაშებლობის
ბრალია.