თბილისის სპორტის
სასახლე დღეს სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მატჩებს მასპინძლობს. 14:00 საათზე
დღის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება ,,არმიასა’’ და ,,ქუთაისს’’ შორის. თამაშის დაწყებამდე
ნახევარფინალისტი გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
ნახევარფინალური თამაშები ნებისმიერი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული
ვარ, 4-ვე გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ამიტომ ნამდვილად საინტერესო და სანახაობრივი
მატჩები გველოდება. ბოლო წლებია ,,არმიისა’’ და ,,ქუთაისის’’ დაპირისპირება განსაკუთრებულად
დაძაბულია და ვფიქრობ, გამონაკლისი არც წლევანდელი სერია იქნება. უნდა აღვნიშნო, რომ
ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლია ჟოლივეტ ტუჯანი, რომელიც ტრავმის გამო გამოგვაკლდა.
ასეთ შეხვედრებში სწორედ მისნაირი გამოცდილი მოთამაშეები არიან საჭირო. თუმცა, ეჭვი
არ მეპარება, რომ გუნდის დანარჩენი წევრები მზად არიან ლიდერობა აიღონ თავიანთ თავზე
და ყველაფერი გააკეთონ წარმატების მისაღწევად.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): დავეთანხმები
კოტეს, ჩვენი გუნდების დაპირისპირება ყოველთვის ძალიან საინტერესოა, ამიტომ დღევანდელ
თამაშშიც ველოდებით დაძაბულობას. შევეცდებით სერია წარმატებით დავიწყოთ და მაყურებელს
ლამაზი მატჩი ვუჩვენოთ. წარმატებებს ვუსურვებ ორივე გუნდს.