სუპერლიგის მიმდინარე სეზონი ოთარ ქორქიას სუპერთასის გათამაშებით დასრულდა, სადაც არმიის გუნდმა ქუთაისის 87:77 დაამარცხა და სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.
სუპერთასზე ერთმანეთს ჩემპიონი და საქართველოს თასის გამარჯვებული გუნდები ეჯიბრებიან, მაგრამ ვინაიდან არმიელებმა ორივე ტიტული მოიპოვეს, სუპერთასზე მისი მეტოქე საქართველოს თასის ფინალისტი ,,ქუთაისი” გახლდათ.
თავდაპირველად მატჩი ,,არმიის” სასარგებლოდ დაიწყო, თუმცა საწყისი ათწუთეულის ბოლო წუთზე ქუთაისელები დაწინაურდნენ (23:22), რომლებმაც პერიოდში 25:22 იმარჯვეს. მეორე მეოთხედში არმიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და სოლიდური სხავობით 52:32 გავიდნენ წინ, ხოლო ტაიმში 55:32 იმარჯვეს. მოპოვებული უპირატესობა ,,,ძალოვნებმა” მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნეს, ,,ქუთაისმა” კი მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და პერიოდის ბოლოს ,,არმიას” 20 ქულით, 54:74 ჩამორჩა.
დასკვნით პერიოდში არმიელებმა მატჩი გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მიიყვანეს და შარშანდელის მსგავსად საქართველოს თასისა და ჩემპიონობის შემდეგ, სეზონის მესამე ტიტულიც – სუპერთასიც მოიგეს.
გამარჯვებულთაგან 16 ქულით ჯერემი რიჩარდსონი გამოირჩა, ხოლო 11 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით ორმაგ დუბლამდე ერთი პასი ბუბა კვიმსაძეს დააკლდა. ,,ქუთაისის” მხრიდან კი თავი დავით ბარბაქაძემ გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც ორმაგი დუბლია – 15 ქულა და 10 მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს კალათბურთის მსაჯთა კავშირის ინიაციატივით მე-100 სკოლის ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებიც დაესწრნენ.
მატჩის მესამე მეოთხედის შემდეგ კი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელს ზვიად მიქაძის სახელობის პრიზი გადაეცა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დააწესეს. 2012 წლის პერსპექტიული მოთამაშე დუდა სანაძე გახდა, რომელსაც აღნიშნული პრიზი ზვიად მიქაძის შვილებმა გადასცეს.
აგრეთვე დასახელდა წლევანდელი სეზონის საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც არმიის გუნდის თავკაცი კოტე ტუღუში გახდა. გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზით კოტე ტუღუში გიორგი ავალიშვილის შვილმა ქეთევან ავალიშვილმა დააჯილდოვა.
კალათბურთში შეტანილი წვლილისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ტომარაძეს საპატიო სიგელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გადასცა, ხოლო
მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP,) რომელიც ,,არმიის” გამთამაშებელი ბენჟამენ ვუდსაიდი გახდა.
კოტე ტუღუში (არმიის მწვრთნელი): კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. რაც შეეხება თამაშს, გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ძალიან რთულია ჩემპიონატის მოგების შემდეგ მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება, მაგრამ მოხარული ვარ რომ გავიმარჯვეთ. მადლობა ასევე ქუთაისის გუნდს, რომელმაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და ღირსეულად იბრძოლა სუპერთასისთვის.
დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): ,,არმიამ” სრულიად დამსახურებულად მოიგო ყველა ტიტული და ვულოცავ ამ გუნდს წარმატებულ სეზონს. რაც შეეხება ,,ქუთაისს”, ვფიქრობ მესამე ადგილი საკმაოდ კარგი შედეგია ასეთ ძლიერ ჩემპიონატში. წლევანდელი სუპერლიგა ძალიან გამორჩეულია და ასეთი სეზონი არასდროს ყოფილა. ნახევარფინალში დიდი ბრძოლები გამოვიარეთ, საქართველოს თასის ფინალსა და სუპერთასის ფინალში ვიასპარეზეთ და ვთვლი, რომ ჩვენთვის წელს ძალიან შედეგიანი სეზონი აღმოჩნდა. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ბიჭებს , რომლებმაც ამ შედეგისთვის უდიდესი შრომა გასწიეს. ვეცდებით მომავალ სეზონში კიდევ უფრო უკეთესად ვიასპარეზოთ.
ბენჯამენ ვუდსაიდი: ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, რაც მთლიანი გუნდის, მწვრთნელებისა და მოთამაშეების დიდი შრომის შედეგია. დიდი მადლობა ყველას სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის, ვთვლი რომ ეს წარმატება ჩემი გუნდისა და მწვრთნელის დამსახურებაა და ამისთვის დიდი მადლობა მათ. ,,არმიაში” გატარებული სეზონი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი გამოცდილებაც მივიღე, რომელიც მომავალში ვფიქრობ აუცილებლად წამადგება. რაც შეეხება მატჩს, ,,ქუთაისი” საკმაოდ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ უფრო უკეთესად ვიასპარეზეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით კი ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამაღამ შინ ვბრუნდები და დასვენებას ვაპირებ. შემდეგ კი ჩემს აგენტთან შეთანხმებით გადავწყვეტ თუ სად გავაგრძელებ კარიერას.
ლევან ცეკვავა: ,,არმია” ძლიერი გუნდია, რომელმაც მატჩში დამსახურებულად იმარჯვა და ვულოცავ მას ამ წარმატებას. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მიმაჩნია, რომ წლევანდელ სუპერლიგაში საკმაოდ შედეგიანად ვიასპარეზეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს.