არმიამ ბათუმს თბილისშიც სძლია(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

 გალერეა
 VIDEO

გუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მეორე წრის მეორე ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. პირველ მატჩში, რომელიც 14:00 საათზე დაიწყო, ერთმანეთს ამბიციური გუნდები – “არმია” და “ბათუმი” შეხვდნენ. არმიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ კოტე ტუღუშის გუნდმა ბათუმელები პირველ წრეშიც, მათსავე მოედანზე დაამარცხა.
“არმიამ” თამაში მძლავრად დაიწყო და ლიდერობას თავიდანვე დაეპატრონა – 9:0 მესამე წუთისთვის. ბათუმელებს 4 ლეგიონერი ჰყავთ, მაგრამ შეთამაშება აკლიათ. სწორედ გუნდური თამაშის ხარჯზე აჯობეს არმიელებმა მეტოქეს. ბათუმელთა მოთამაშეები ინდივიდუალურად პერიოდულად კარგად ირჯებოდნენ, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა. “არმია” კომბინაციურად თამაშობდა და შეტევებს შედეგიანად აგვირგვინებდა.
პირველი მეოთხედის შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილი არმიელები 10 ქულით იგებდნენ, მეორეში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ამას ხელი შეუწყო ტაიმის ბოლო წუთებზე ბათუმელთა მიერ მიღებულმა ტექნიკურმა ჯარიმამ, რომლის შემდეგაც თბილისური გუნდი 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 43:26.
მესამე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ მთლიანობაში ვითარება არ შეცვლილა. ჯერ იყო და არმიელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარმა, თუმც ბათუმელებმა შორი სროლებით და ზუსტი გარღვევებით ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს. ბათუმელებს აღებული ტემპი არ ეყოთ, რაზეც გავლენა მათი ამერიკელი ლეგიონერის – ჯეიმი ჯექსონის მოედნიდან გავარდნამაც იქონია. ჯექსონთან ერთად მესამე მეოთხედში 5 პერსონალურის გამო მოედნიდან მამუკა ბოლქვაძეც გავარდა.
ბოლო მეოთხედი წინ “არმია” 17 ქულით იგებდა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. გამარჯვებულებში 19 ქულით მიხელ ბერიშვილი გამოირჩა, 18 ქულა ჰქონდა გიორგი შარაბიძეს, ბექა წივწივაძემ კი 13ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ბათუმელთაგან 27 ქულით საუკეთესო ჯუნიორ ქედუგინი გახლდათ, 14 ქულა კი ჯერემი სეფოლდის ანგარიშზე იყო.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს “ოლიმპი” და “მაკაბი” დაუპირისპირდებიან.
 სტატისტიკა
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, დღევანდელი დღისთვის მაქსიმალურად
მომზადებულები ვიყავით. ბათუმს ძალიან კარგი გუნდი და შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ სიფრთხილით
მივუდეგით, არც ერთი წუთით არ მოვდუნებულვართ. მესამე პერიოდში, როცა 14 ქულამდე დაიყვანეს
სხვაობა, დროზე მოვასწარით მობილიზება, საჭირო ბურთები ჩავაგდეთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი
გამარჯვება მოპოვეთ. წარმატებებს ვუსურვებ ,,ბათუმს’’  და ჩემს მეგობარს, ივანე მაისურაძეს მომავალში.
ივანე მაისურაძე(,,ბათუმის’’ მწვრთნელი, მოთამაშე):
 მივულოცავ ,,არმიას’’ გამარჯვებას, ნამდვილად
შესანიშნავი თამაში აჩვენეს. ჩვენ კი, ვარჯიშებიდან გამომდინარე, უკეთესის მოლოდინი
გვქონდა, თუმცა საპირისპირო თამაში ვაჩვენეთ. ცუდად ვიასპარეზეთ, ძალიან ბევრი ნიუანსი
გამოჩნდა, რაც დასახვეწი გვაქვს. პირველ რიგში კი, ჩემი გუნდისგან ბრძოლისუნარიანობას
მოვითხოვ.
მიხეილ ბერიშვილი(,,არმია’’): ამ თამაშისთვის
სერიოზულად ვემზადებოდით და სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ. კარგი დაცვა ვითამაშეთ და
ვფიქრობ, სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ.

ლევან ელიაძე(,,ბათუმი’’): ძალიან ცუდად
ვითამაშეთ დაცვაშიც და შეტევაშიც.  შევეცდებით,
დღევანდელი შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ და მომდევნო შეხვედრებში წარმატებას
მივაღწიოთ.