სტატისტიკა გალერეა Video
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო მატჩში
ერთმანეთს “არმია” და “სოხუმი” შეხვდნენ. არც ერთი გუნდისთვის
ამ თამაშის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა. კოტე ტუღუშის გუნდი ნებისმიერ
შემთხვევაში რეგულარულს მე-2 ადგილზე ასრულებდა, ხოლო ვაჟა კვარაცხელიას გუნდი – მეექვსეზე.
სოხუმელებს, რომლებიც ფინანსურ კრიზისში არიან და უხელფასოდ
თამაშობენ, ტრავმებმიც დაემატათ. “არმიასთან” მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს
გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა – ირაკლი ჩლაიძემ და რატი ბააკაშვილმა.
უმოტივაციო სოხუმელებმა პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს
(24:23), აი, მეორესა და მესამეში დიდი სხვაობით ჩამორჩნენ და წააგებად გაიწირნენ.
საბოლოოდ “არმიამ” 100:79 მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 გამარჯვება
მოიპოვა. ამდენივე მოგებით დაასრულა რეგულარული “დინამომ”, თუმცა ირაკლი
ხოშტარიას გუნდმა არმიელებს პირადი შეხვედრების ხარჯზე აჯობა.
არმიელთაგან 17 ქულითა და 11 ქულით საუკეთესო შედეგი
გიორგი შარაბიძემ დააფიქსირა, 16 ქულა დააგროვა იუბილარმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელიც
დღეს 27 წლის გახდა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ლაშა ფარღალავამაც. “სოხუმში”
26 ქულით ჯერემი საიმონსი გამოირჩა, 20 ქულა და 15 მოხსნა იყო ბექა ბექაურის ანგარიშზე.
პლეი ოფის სერიები 29 აპრილიდან დაიწყება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ
,,არმიას’’ გამარჯვებას, ისინი ჩემპიონობის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატები არიან.
ძალიან დაძაბული და საინტერესო პლეი ოფები გველოდება, გარანტირებული არავის არაფერი
არ აქვს, ეს დღეს ,,დინამოსა’’ და ,,ქუთაისის’’ დაპირისპირებამაც დაადასტურა. დარწმუნებული
ვარ, მაყურებელი ისიამოვნებს მეოთხეფინალური მატჩებით.
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ
რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მთლიანად ,,სოხუმის’’ გუნდს და ვაჟა კვარაცხელიას იმისთვის, რასაც აკეთებენ.
ბატონი ვაჟა მრავალი წელია ესმახურება ქართულ კალათბურთს და ამის დასტურია წლევანდელი
სეზონიც, ენთუზიაზმის ხარჯზე ,,სოხუმის’’ გუნდი ღირსეულად ატარებს საქართველოს ჩემპიონატს.
მათ ბევრი პრობლემა აქვთ, იმედია, ეს სირთულეები მოგვარდება და ვუსურვებ, რომ პლეი
ოფს უძლიერესი შემადნელობით შეხვდნენ. დარწმუნებული
ვარ, დაძაბული მეოთხეფინალები გველის, ბოლო ტურში გადანაწილდა ადგილები და ყველაფერი
იმაზე მეტყველებს, რომ წინ საინტერესო სერიები იქნება.
მინდა შევაჯამო
რეგულარული სეზონი. საკმაოდ ბევრი ძლიერი გუნდი მონაწილეობდა და საქართველოს ჩემპიონობას
რამდენიმე რეალური პრეტედენტი ჰყავს, ამიტომ
მე-2 ადგილზე გასვლით ნამდვილად კმაყოფილი ვართ. ჩემპიონატის მეორე და ყველაზე
მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა იწყება და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი მიზნის მისაღწევად.
გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): მივულოცავ ,,არმიას’’
გამარჯვებას და მე-2 ადგილზე გასვლას, ძალიან კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ.
რაც შეგვეხება ჩვენ, იმედია გადაწყდება გუნდის ფინანსური პრობლემები, ტრავმირებული
მოთამაშეებიც დაგვიბრუნდებიან, ყველანი ფორმაში ვიქნებით და, ალბათ, ,,ქუთაისთან’’
სურპრიზსაც მოვაწყობთ, როგორც აქამდეც გაგვიკეთებია.
ბექა წივწივაძე(,,არმია’’): მადლობას გადავუხდი
,,სოხუმის’’ გუნდს, ნამდვილად დასაფასებელია, რასაც ამ გუნდის თითოეული წევრი აკეთებს.
რაც შეგვეხება ჩვენ, მეორე ადგილის დაკავებით
კმაყოფილები ვართ. მეოთხედფინალში ,,რუსთავს’’ ვხვდებით, წარმატებული სერიის შემთხვევაში
ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე ,,ქუთაისი’’ ან ,,სოხუმი’’ იქნება და შევეცდებით, ფინალში
გავიდეთ. ახლა ეს ჩვენი მთავარი მიზანია.