გალერეა
რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დღეს რუსთავსა
და ქუთაისში ბოლოსწინა ტური დაიწყო, რომელიც ხვალ სპორტის სასახლეში გასამართი 2 შეხვედრით
დასრულდება. დღევანდელი მატჩებიდან გამორჩეულად საინტერესო ქუთაისში გამართული მატჩი
გახლდათ, რომელიც ფაქტობრივად მეორე ადგილის ბედს წყვეტდა.
იმერეთში სათამაშოდ ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი
“არმია” ჩავიდა, რომელსაც პირველ წრეში 2 ქულით ჰყავდა ქუთაისელები დამარცხებული.
მასპინძლებს თავის მხრივ არმიელებზე ერთით ნაკლები ქულა ჰქონდათ და შესაბამისად, 2
ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვება უნდოდათ, თავდაცვის სამინისტროს გუნდისთვის ცხრილში
რომ გადაესწროთ.
ორივე გუნდისთვის პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს ცხრილში
მეორე ადგილი, რადგან წარმატებული მეოთხედფინალის შემთხვევაში ნახევარფინალში მოედნის
უპირატესობა ეგრებათ. აქედან გამომდინარე, ქუთაისში გამართულ მატჩში გუნდებმა გამარჯვებისთვის
ყველაფერი გაიღეს და შესაბამისად, ბრძოლაც აინტერესო გამოვიდა.
თავიდან ბოლომდე, მატჩი თანაბარი და დაძაბული იყო. ვერც
ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური უპირატესობის მოპოვებას. საბოლოო სხვაობა, რაც არმიელთა
სასარგებლოდ დაფიქსირდა, ბოლო თბილისელებმა ბოლო წუთზე მოიპოვეს. პირველი მეოთხედი
მასპინძლებმა 1 ქულით მოიგეს, მეორეში კი არმიელებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის
51:48 იგებდნენ.
ასეთი თანაბარი თამაში ბოლო წუთამდე გაგრძელდა. ბოლოსწინა
წუთზე ზაურ ფაშაევმა 3-ქულიანი ჩააგდო და არმიელთა ლიდერობა მინიმუმამდე შეამცირა
– 85:86. ეს აღმოჩნდა ქუთაისელთა ბოლო ჩაგდებული ბურთი. ლაშა ფარღალავამ დარჩენილ წუთნახევარში
7 ქულა მიითვალა, მასპინძლები კი საპასუხოდ 3-ქულიანებს აცილებდნენ და საბოლოოდ კოტე
ტუღუშის გუნდმა 96:85 გაიმარჯვა.
არმიელებმა გუნდურად ითამაშეს. ერთბაშად 5 კალათბურთელი
ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც უმეტესი – 17 ქულა, ფარღალავამ დააგროვა. ორმაგი
დუბლი მიითვალა გიორგი შარაბიძემ (16 ქულა, 12 მოხსნა), ხოლო ბექა წივწივაძის ანგარიშზე
15 ქულა დაგროვდა. მასპინძელთაგან 21 ქულით დავით ბარბაქაძე გამოირჩა, 16 დააგორვა
რევაზ იდიამ, ხოლო გოგა ცეკვავამ პირად ანგარიშზე 6 ქულა და 12 პასი ჩაიწერა.
მეორე მატჩს რუსთავმა უმასპინძლა, სადაც ერთმანეთის
პირისპირ აუტსაიდერები – “რუსთავი” და “მაკაბი” დაუპირისპირდნენ.
ეს გახლდათ მაკაბელთა ბოლო მატჩი მიმდინარე სეონში – ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდმა ჩემპიონატში
მე-16 მარცხი განიცადა და ბოლო ადგილის დაკავებით გახდა ერთადერთი გუნდი, რომელიც პლეი
ოფში ვერ გავიდა.
რუსთაველებისთვის ამ შეხვედრას ის მნიშვნელობა ჰქონდა,
რომ ცხრილში მე-7 ადგილი გაენაღდებინა. ქვემოქართლური გუნდი მე-8 ადგილზე მყოფ
“ოლიმპს” დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 2 ქულით უსწრებს და სასწაული უნდა
მოხდეს, რომ რეგულარული ჩემპიონატი მასზე წინ არ დაასრულოს.
მასპინძლებმა გართულებების გარეშე დაამარცხეს
“მაკაბი”. გამარჯვებაში ლომის წილი რეზო ჩაჩანიძემ დაიდო, რომელმაც 23 ქულა
ჩააგდო. ზურა მაჭავარიანმა 14 ქულა დააგროვა, ხოლო დავით გუგავამ 4 ქულასთან ერთად
17 მოხსნას მოუყარა თავი. მაკაბელებში ორმაგი დუბლით გიორგი რევაზაშვილი (21 ქულა,
10 მოხსნა) და გიორგი ფერიაშვილი (16 ქულა, 18 მოხსნა) გამოირჩნენ.
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური ხვალ
თბილისის სპორტის სასახლეში, 2 მატჩით დასრულდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ქუთაისი -არმია 85:96
მედეა მხეიძე
(ქუთაისის მწვრთნელი): მივულოცავ პირველ რიგში „არმიას“ დღევანდელ გამარჯვებას.
ძალიან სასიამოვნო თამაში შედგა. ქუთაისის
სპორტის სასახლე გადაჭედილი იყო მაყურებლებით და დარბაზში არაჩვეულებრივი განწყობა
და ატმოსფერო სუფევდა. მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შეცდომები დავუშვით
დაცვაში და ეს კარგად გამოიყენა ჩვენმა მეტოქემ.
ბიჭებმა გარკვეულ მონაკვეთებში, განსაკუთრებით კი ბოლო 3 წუთში მობილიზება ვერ
შეძლეს. ლაშა ფარღალავს შედეგიანმა შეტევებმა კი მატჩზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
მართალია დავმარცხდით,
მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს და იმედია მიმდინარე
სეზონში კიდევ შევხდებით „არმიას“. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს
გულშემატკივრებს, კლუბის ხელმძღვანელობას, მოთამაშეებს და ყველას, ვინც დღევანდელ მატჩში
გარკვეული წვლილი შეიტანა.
კოტე ტუღუში
(არმიას მთავარი მწვრთნელი): მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც
ტრადიციულად გაალამაზეს დღევანდელი შეხვედრა. ეს მატჩი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ამას გარდა, საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი
საკუთარ კედლებში დავამარცხეთ ეს ნამდვილად
სასიხარულოა.
რუსთავი – მაქაბი 74:59
ოთარ ხმელიძე( “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): მეტოქე არ გვყავდა ძლიერი, ამიტომ ჩვენი მიზანი სოლიდური
უპირატესობის მოპოვება და შემდეგ მოედანზე ახალგაზრდა მოთამაშეების გაყვანა იყო. მიუხედავად
იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ თავიდანვე დიდი უპირატეობის მოპოვება, ახალგაზრდებს შანსი
მაინც მივეცი და ამით მათ დიდი გამოცდილება მიიღეს. მართალია გავიმარჯვეთ, მაგრამ თამაშის
ხარისხით კმაყოფილი არ ვარ.
ჯამლეტ ხუხაშვილი (“მაკაბის” მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად იმისა, რომ “რუსთავი” წინა წრესთან
შედარებით საკმაოდ დასუსტდა, ამ გუნდის მისსავე მოედანზე დამარცხება ნებისმიერ გუნდს
გაუჭირდება. მით უფრო ძნელია რუსთავში თამაში “მაკაბისთვის”, რომელსაც გამარჯვების
პრეტენზია არ გააჩნია. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ძმები რევაზაშვილების და გიორგი
ფერიაშვილის გაზრდაა. ჩვენმა გუნდმა სეზონი დაასრულა და უკვე მზადება მომავალი სეზონისთვის
იწყებს.