სტატისტიკა გალერეაVideo
რეგულარულ ჩემპიონატში
მე-2 ადგილზე გასულმა “არმიამ” მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო.
ფავორიტად მიჩნეულმა არმიელებმა “რუსთავს” უმაპინძლეს და დაგეგმილი გამარჯვება
მოიპოვეს – 84:65.
ოთარ ხმელიძის
გუნდმა ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ გაცილებით ძლიერი შემადგენლობის “არმიას”
ვერ აჯობა. პირველ მეოთხედში რუსთაველები დამაჯერებლად დაწინაურდნენ, ქვემორთლელთა
უპირატესობამ 10 ქულასაც კი მიაღწია, თუმცა კოტე ტუღუშმა დროული წუთშესვენება აიღო
და თამაში დაალაგა. არმიელებმა საწყისი ათწუთეული 24:23 მოიგეს და მეორე მეოთხედიდან
ლიდერობის განმტკიცებას მიჰყვეს ხელი.
რუსთაველთაგან
შედეგინად თამაშობდა ქაქუცა აბაიშვილი, რომელიც ზუსტი სროლებით ხელს უშლიდა არმიელებს,
სოლიდური ლიდერობა მოეპოვებინათ. აბაიშვილს მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა, არმიელებმა
კი მეტი გუნდურობა გამოავლინეს და საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.
არმიაში 16 ქულით
ბომბარდირი გიორგი ჯგერენაია გახდა, გიორგი შარაბიძემ კი ორმაგი დუბლი მოაგროვა –
10 ქულა, 14 მოხსნა. ბექა წივწივაძემ გამარჯვებულებს 12 ქულა მიაშველა, მიხეილ ბერიშვილის
ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 24 ქულა ჰქონდა აბაიშვილს, დავით გუგავამ
კი შეხვედრა 10 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.
სერიის მომდევნო
შეხვედრა ხვალ, 30 აპრილს, კვლავ სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მოხარულო ვარ, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ არ იქნებოდა
იოლი თამაში. პლეი ოფებს დამატებითი ფსიქოლოგიური მომენტი აქვს, ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის
და ის თამაში ვაჩვენეთ, რომლითაც წარმატების მიღწევას ვგეგმავთ. თუმცა, ბოლომდე კმაყოფილი,
რა თქმა უნდა, არ ვარ, ვეცდებით ხვალ უკეთ ვითამაშოთ. ,,რუსთავში’’ შეიძლება პრობლემები
შეგვექმნას, განსაკუთრებით ფარზე, ამიტომ სამუშაო კიდევ გვაქვს და ვემზადებით მაქსიმალურად.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
ვულოცავ კოტეს გამარჯვებას. ,,არმიას’’ სერიოზული შანსები აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის,
ჩვენი შანსები კი მინიმალურია, თუმცა მოხარული ვარ იმით, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა
და ,,არმიისთვის’’ ეს იოლი გასეირნება არ ყოფილა. შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით,
თუმცა ,,არმიამ’’ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.
ლაშა ფარღალავა(,,არმია’’): მადლობას ვეტყვი ,,რუსთავს’’ დღევანდელი თამაშისთვის.
ამ გუნდთან მოდუნება არ ღირს, რადგან ძალიან დიდი ტრადიციების მქონდე გუნდია და იცის,
როგორ ითამაშოს. წელს მათ ჩვენც მოგვიგეს და ,,ქუთაისსაც’’. შევეცდებით, 3 თამაშში
დავამთავროთ სერია. რუსთავში მოგება იოლი არ იქნება. დღევანდელმა თამაშმაც დაგვანახა,
რომ ამდენ შეცდომას იქ არავინ გვაპატიებს. ხვალ ვეცდებით უკეთესი მატჩი ჩავატაროთ და
გავიმარჯვოთ.