არმიამ სტუ-სთან დაგეგმილი მოიგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში
მოქმედი ჩემპიონი „არმია“ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი
სხვაობით, ანგარიშით 95:42 დაამარცხა.

მატჩი არმიელთა დომინირებით წარიმართა. ეს არც იყო გასაკვირი,
რადგან კოტე ტუღუშის გუნდს არათუ შიდაჩემპიონატში, ევროპულ ასპარეზზეც საკუთარი ამბიცია
გააჩნია და შემადგენლობაც შესაბამისად ჰყავს დაკომპლექტებული. ლეგიონერებისა და წამყვანი
ქართველი კალათბურთელების ხარჯზე არმიელები იოლად გაუმკლავდნენ ტექნიკოსებს, რომლებსაც
მესამე მეოთხედის შემდეგ 57 ქულის სხვაობით – 84:27 უგებდნენ.

ბოლო პერიოდში არმიელთა თავკაცმა ლეგიონერები აღარ
დატვირთა და ასპარეზი ქართველ კალათბურთელებს დაუთმო. ამის მიუხედავად, სხვაობა ბევრით
არ შეცვლილა, თავდაცვის სამინისტროს გუნდმა 95:42 გაიმარჯვა.

არმიელთა შორის 13-13 ქულით საუკეთესონი იოაკიმ შელბომი
და ანატოლი ბოისა იყვნენ. საუკეთესო მომხსნელი ვლადიმერ ბოისა გახდა, რომელმაც 13 ფარიდან
ასხლეტილი ბურთი მოიხელთა. ტექნიკოსთაგან ვაჟა ჯანაშია გამოირჩა 12 ქულით.

მომდევნო ტური 16 და 17 ნოემბერს ბათუმდა და თბილისში
გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

კოტე ტუღუში
(არმია): რთულია ასეთ მატჩზე კომენტარის გაკეთება. მოგეხსენებათ, რომ ევროჩელენჯზე
ვასპარეზობთ, სადაც პირველ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ. ეს გუნდზე რ თქმა უნდა,  ცუდად მოქმედებს. ფსიქოლოგიური მომენტი გვაქვს და
ვცდილობთ  მაქსიმალურად გადავიტანოთ ყურადღება
ბელგიის გუნდთან შეხვედრაზე, რომელიც 13 ნოემბერს 18:00 საათზეა დაგეგმილი.

გია ტეტელაშვილი
(სტუ): ჩვენი გუნდის თამაშის ასეთ დონეს არ მოველოდით. ძალიან უკმაყოფილნი ვარ ბიჭების
ასპარეზობით და მიჭირს კიდევ სათანადო კომენტარის გაკეთება.

 ლაშა ფარღალავა: ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ
ბოლომდე დავიხარჯოთ ყველა გუნდთან და ჩვენი ძალა და ენერგია ,,ევროჩელენჯის“ დაძაბულ
თამაშებში გადავიტანოთ. ჩვენი გეგმაა ნებისმიერ მატჩში მაქსიმუმი გავიღოთ.

 ვატო თევზაძე: ,,არმია“ ძალიან
მაღალ დონეზე ასპარეზობს. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დღეს ცუდად გავისარჯეთ და ანტირეკორდი
დავამყარეთ. ვეცდებით მომავალ მატჩებში მაქსიმალურად  გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.  
სუპერლიგა
 მე-4 ტური
ქუთაისი – დინამო 90:78 
სოხუმი -ბათუმი 75:67
შსს აკადემია – რუსთავი 88:44
ოლიმპი – თსუ 98:51