არმიელთა ოვერტაიმი
კოტე ტუღუში და ანატოლი ბოისა ბოლოს ერთად რუსთავის
,,ენერჯი ინვესტში”თამაშობდნენ. არიან საქართველოს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები
და ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონეტზეც ერთად იასპარეზებენ.
ამჟამად ეს ორი ყველასათვის
საყვარელი კალათბურთელი თავდაცვის სამინისტროს გუნდში, ,,არმიაში” ირიცხება.
როგორია
,,ჯარისკაცების” ცხოვრება მოედანსა თუ მოედანს მიღმა ამაზე დამატებით დროში, ,,ოვერტაიმში”
ამოიკითხავთ.
– რას იტყვით თსუ-სთან განცდილი მარცხის შესახებ, რის
ხარჯზე დაგამარცხეს სტუდენტებმა და რა იყო თქვენი სისუსტის მიზეზი კონკრეტულ მატჩში?
– კოტე: ამ მატჩისთვის
სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ბოლო თამაში თსუ-თან ფაქტიურად წაგებული გვქონდა, რომ არა
ბოისას ვაჟკაცობა და მისი სამქულიანი. სსაუ-სთან
მატჩშიც სუსტად ვითამაშეთ, ეს კი თსუ-მ უკვე
აღარ გვაპატია და ღირსეულად დაგვამარცხა. ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა. კარგია, რომ ახლა
წავაგეთ და არა ფლეი-ოფებში. გუნდში ისეთი განწყობაა, რომ ამ წაგებასაც საჩვენოდ გამოვიყენებთ.
– ანატოლი: ვფიქრობ, მიზეზი ზედმეტი თავდაჯერებულობა იყო. წინა
ორი თამაშიც დაძაბული გვქონდა და გვეგონა ამ თამაშსაც გადავლახავდით. ზედმეტმა თავდაჯერებულობამ
სამწუხაროდ მარცხი მოგვიტანა.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული იქნება წლევანდელი ჩემპიონატის მოგება და ვის მიიჩნევთ უმთავრესს კონკურენტად ?
– კოტე: რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. თვითონ რეგულარული
ჩემპიონატიც იმდენად დაძაბულია, ჩემპიონობა ადვილი არ იქნება. ყველა გუნდს აქვს ამის
ამბიცია და ამავდროულად შესაძლებლობაც. მათ
აქვთ ფინანსური მხარდაჭერა, ჰყავთ კარგი მწვრთნელები, კალათბურთელები და ყველა პირობა
აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ იბრძოლონ ჩემპიონობისთვის. რაც შეეხება კონკურენტებს,
უმთავრესად მაინც შსს-ს მივიჩნევ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი გუნდები, როგორიცაა
ქუთაისი, რომლის სახლში დამარცხება, როგორც ბოლო თამაშებიდან გაირკვა ძალიან რთული
იქნება. ასევე სოხუმის გუნდი, რომელსაც მწვრთნელი გამოეცვალა. რა თქმა უნდა თსუ, რომელიც
წლების განმავლობაში გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით. არ გამოვტოვებდი სამედიცინოს,
რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სუსტად თამაშობს და სატურნირო ცხრილში არცთუ
სახარბიელო მგდომარეობა აქვს, მიმაჩნია, რომ ამ გუნდისგანაც ბევრი რამაა მოსალოდნელი.
ასე, რომ წინ ძალიან საინტერესო ფლეიოფები გველის.
– ანატოლი: საკმაოდ რთული
იქნება. ასეთი ჩემპიონატი წლების მანძილზე არ გვქონია, რაც ძალიან მახარებს და ალბათ
ყველა სხვას. შსს, სოხუმი, თსუ, ქუთაისი – ვფიქრობ ოთხეულის გუნდებთან ძალიან რთული
თამაშები იქნება. ნახევარფინალი და ფლეი ოფები ძალიან საინტერესო იქნება. ასეთი დაძაბულობა კარგია ჩემპიონატისთვის
და თვითონ მოთამაშეებისთვისაც, ვინაიდან რაც უფრო დაძაბულია მატჩი, მოთამაშე მით უფრო
იმატებს თავის კლასს, თამაშის ხარისხს და იზრდება პროფესიულად.
– რა არის კლუბის
ხელმძღვანელობის მიზანი? თქვენს გეგმებში
მხოლოდ ჩემპიონატის მოგება შედის ?
– კოტე: თავისთავად
ჩვენი ძირითადი მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა მიზნის მიღწევის შემთხვევაში
ევროტურნირებზე მონაწილეობასაც გვპირდება.
– ანატოლი: არსებობს
გარკვეული გეგმები, თუმცა ჩვენთვის ჯერ მნიშვნელოვანია ყველა მომდევნო თამაშის მოგება, რათა ჩემპიონები გავხდეთ. მთავარია ამ მიზანს
მივაღწიოთ და შემდეგ ვნახოთ. ბევრი რამ იგეგმება,
თუმცა ამ ეტაპზე ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ხელმძღვანელობა ყველანაირად მხარში გვიდგას,
ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას. ისინი მხოლოდ გამარჯვების დროს კი არ გვიჭერენ მხარს,
არამედ მარცხის დროსაც ჩვენს გვერდით არიან. მათი მხრიდან ხელშეწყობა დიდია, რაც ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ სტიმულის გვაძლევს.
– ხომ არ აპირებს
ხელმძღვანელობა საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბებას, ან სამომავლოდ ასაკობრივ ლიგებში გუნდის გამოყვანას?
– კოტე: პირადად
მე ამით ძალიან დაინტერესებული ვარ. რამდენიმე ვარიანტი მაქვს მოსმენილი ამასთან დაკავშირებით
და თუ ეს საქმე გაკეთდება, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა კალათბურთში.
მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე კეთდება საკალათბურთო დარბაზი, რომელიც ეკუთვნის თავდავის
სამინისტროს და სადაც ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. საკალათბურთო სკოლა
ჩამოყალიბდება თუ არა, დარბაზი ყველა შემთხვევაში
მოხმარდება არამარტო უმაღლეს ლიგას, არამედ ბავშვებსაც.
– ანატოლი: არვიცი,
მაგრამ ჩემი აზრით გააკეთებენ ასაკობრივ ჯგუფს,
რომლებიც დაემატებიან ჩვენს ჯგუფს და ის მოთამაშეები გაიზრდებიან უმაღლესი ლიგისთვის. ისინი გაეცნობიან იმ სისტემას,
რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს გუნდში.
– ზოგადად რას იტყვით ქართულ კალათბურთზე,
მომავალ თაობაზე რას ფიქრობთ და თუ ადევნებთ
თვალყურს ასაკობრივ ჩემპიონატებს?
– კოტე: დიახ და ძალიან
მწყდება გული, რომ ასაკობრივ ლიგებში არის დარბაზებისა და მწვრთნელების პრობლემა, რომელთაც
აკლიათ პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. რაც შეეხება თვითონ ბავშვების პრობლემებს,
მე ზუსტად არვიცი რა აწუხებს ახალგაზრდა თაობას, მაგრამ ვიტყოდი რომ დღეს ყველაფერო
მოგვარებადი და გამოსწორებადია. წლევანდელი სუპერლიგა მართლაც რომ განსაკუთრებული და
გამორჩეულია. არ ყოფილა ასეთი ჩემპიონატი და არ ყოფილა ამდენი ლეგიონერი უმაღლეს ლიგაში.
სასურველია, რომ თამაშებზე უფრო მეტი ახალგაზრდა მოთამაშე მოვიდეს, მათ აქ ბევრი რამის
სწავლა შეუძლიათ.
– ანატოლი:
კი, ვადევნებ. ჩვენსა და ახალ თაობას ვერ შვადარებ იმ მხრივ რომ, ჩვენს დროს არ იყო
ასეთი ტექნიკა, არ იყო კომპიუტერი და სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს ახალგაზრდა თაობა
უფრო მეტ დროს კომპიუტერთან ატარებს, ვიდრე ვარჯიშზე.
– ნაკრების თემას უნდა შევეხოთ. ჩვენი ჯგუფით
ყველა კმაყოფილია, თქვენ რა აზრის ხართ?
– კოტე: ვერ ვიტყვი რომ იოლ ჯფუფში მოვხდით, მაგრამ სხვებთან
შედარებით ყველაზე სასურველი ვარიანტია. მოწინააღმდეგები ჩვენთვის ცნობილნი არიან და
ახლა სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. სანამ შევიტყობდით
ჩვენი მეტოქების ვინაობას, იქამდეც მაქსიმალურად
მობილიზებულნი და ორიენტირებულნი ვიყავით მოგებაზე. ახლა კი ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი
მოწინააღმდეგები, ვინაიდან გასულ ზაფხულ სამ მათგანს ვეთამაშეთ: პოლონეთს, ბელგიასა
და უკრაინას. ასე რომ, გამოცდილება გვაქვს და ახლა ჩვენ ვიცით.
– ანატოლი: ევროპის
ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი არ არსებობს. მართალია სხვებთან შედარებით ყველაზე კარგი ვარიანტია, მაგრამ პრინციპული ჯგუფია. სლოვენია
ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც ტოლს არ უდებს არავის და დაკომპლექტებულია ნბა-სა
და ვეროპის საუკეთესო კალათბურთელებით. რუსეთი ჩვენი პირველი და ყველაზე პრინციპული
მეტოქეა. არ უნდა ჰქონდეს ამ შეხვედრას პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან
გამომდინარე სამწუხაროდ ასეა. ბელგიასთან ჩვენ ორჯერ ვიწვნიეთ მარცხი, და ახლა მათ
სულ სხვანაირი კალათბურთი უნდა შევთვაზოთ და რევანში ავიღოთ. შარშან ბელგიელებმა ძალიან
გუნდურად ითამაშეს და სწორედ ამ ერთიანობისა და გამოცდილების ხარჯზე მოგვიგეს. პირველიდან
ბოლო წუთამდე ბელგიამ უნაკლოდ ითამაშა. ბულგარეთს ჩვენ 2-ჯერ მოვუგეთ, გვაქვს მათთან
თამაშის გამოცდილება, მაგრამ ეს შესაძლოა ზედმეტი სტიმული იყოს მათთვის და ფიქრობდნენ
ჩვენთვის იმის დამტკიცებას, რომ არ არიან ჩვენზე სუსტები. უკრაინას რაც შეეხება, ვფიქრობ
წელს სულ სხვა უკრაინასთან მოგვიწევს თამაში. მათ შეეცვალათ მწვრთნელი, რომელიც ნბა-ში
მუშაობს, ძალიან გამოცდილია და მოთამაშეებს სულ სხვაგვარად გამოიყენებს და გუნდში ბევრ
რამესაც შეცვლის. ეს ის უკრაინა ნამდვილად არ იქნება ჩვენ რომ თბილისში დავამარცხეთ.
– რას ფიქრობთ რუსეთის ნაკრებთან მატჩზე, ფსიქოლოგიურად რამდენად რთული ექნება
ეს თქვენთვის?
– კოტე: რუსეთთან
მატჩი ყოველთვის პოლიტიკაში გადადიოდა. ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებაში რუსეთს ისე უნდა შევხედოთ, როგორც
რიგით მოწინააღმდეგეს. რა თქმა უნდა, იქნება ფსიქოლოგიური მომენტიც და თამაშსაც მეტი
დატვირთვა ექნება. ასეა რაგბში და ასეა კალათბურთშიც. ერთხელ მოვუგეთ რუსეთის ნაკრებს
და შევეცდებით რომ კიდევ ერთხელ დავამარცხოთ.
– ანატოლი: ყველა
თამაშს ისე უნდა შევხედოთ, როგორც რიგით მეტოქეს. რუსეთთან მატჩსაც ასე უნდა მივუდგეთ.
ჩვენი მიზანი არის ჯგუფიდან გასვლა, ვინც მოედენზე გავა, თავს არავინ დაზოგავს. არ
უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი მხოლოდ ერთ კონკრეტულ მატჩზე. მთავარია გავიდეთ ჯგუფიდან,
რათა დავამტკიცოთ რომ მეტი შესაძლებლობები გვაქვს, მეტი ძალა გაგვაჩნია და ნამდვილად
ვიმსახურებდით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. შემდეგ კი იმედია წინ და წინ წავალთ.
– როგორია შანსები?
– კოტე: 50/50.
მთავარია ყველანი ვიყოთ ჯანმრთელად, კარგ ფორმაში
და საქართველოს ნაკრები ნამდვილად იქნება ისეთი ძალა, რომ ჯგუფიდან გასვლასთან ერთად
შესაძლოა ერთი-ორი სენსაციაც გამოვაცხოთ.
– რას
იტყვით ნატურალიზებულ ლეგიონერებზე, კარგ ფორმაშია
გრინი, ელისი, ჰოსლი…
– კოტე: აქტიურად
ვადევნებ თვალ-ყურს ლეგიონერების თამაშს. როგორც ქართველ ლეგიონერებს, ისე უცხოელებს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარია მათ სეზონი
ტრამვის გარეშე ჩაამთავრონ. იმედია, იგორ კოკოშკოვი
სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ვინ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების მაისურით.
– ანატოლი:
ჰოსლი სტაბილურად თამაშობს,თუმცა თავიდანვე ნაკრებს გრინი უფრო გვჭირდებოდა, ვინაიდან ჰოსლის პოზიციეზე ჩვენ ორი
კალათბურთელი გვყავს და ამ მხრივ პრობლემა არ გავქვს. გრინიც ძალიან სტაბილურია. აკეთებს
საჭირო ქულაბსა და პასებს. როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში რეგულარულად 25 წუთს ატარებ,
დიდი გამოცდილებაა. რაც შეეხება ელისს, ვფიქრობ იგი არ იმყოფება ჩვეულ ფორმაში. შესაძლოა
ეს არის გუნდის პრობლემა. ის ალბათ ვერ შეეწყო იმ გუნდს ისე, როგორც ჩვენ. შეკრებაზე
სამივე წამოვა და ალბათ მწვრთნელი გადაწყვეტს, თუ ვინ ითამაშებს ნაკრებში.
– დავუბრუნდეთ
საქართველოს ჩემპიონატს, ყველაზე ხმაურიანი,
აქტიური და მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი გყავთ. რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის
ფაქტორი და მაყურებლით სავსე დარბაზი ზოგადად
გუნდისთვის?
– კოტე: ძალიან
მნიშვნელოვანი. სასიხარულოა, რომ მატერიალურ მხარდაჭერასთან ერთად გვერდში ხალხიც გვიდგას
და აქტიურად გვქომაგობს. თსუ-სთან წაგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა ტაში დაგვიკრეს
და გაგვამხსნევეს, რაც ძალიან იშვიათია საქართველოში. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის
და იმედია მათ იმედებს აუცილებლად გავამართლებთ და გამარჯვებასაც მალე მოვუტანთ.
– ანატოლი: ძალიან
დიდი სტიმულია. რომელ ქალაქშიც არ უნდა ვითამაშოთ, გასვლაზეც ისე ვგრძნობთ თავს, როგორც
სახლში. ვცდილობთ ვასიამოვნოთ ქომაგი ჩვენი კარგი თამაშით. სასურველია, რომ ისინი თამაშებს
თავიაანთი ოჯახებით დაესწრონ და ბავშვებს სპორტი შეუყვარდეთ. მნიშვნელობა არ აქვს ისინი
კალათბურთს ითამაშებენ, ფეხბურთს თუ რაგბს, მთავარია სპორტული, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ.
დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს და იმედია
გავახარებთ მათ ჩვენი ჩემპიონობით.
– კოტე, გყავს მეუღლე იანა და ორი შვილი, რამდენად რთულია
იყო წარმატებული, პოპულარული სპორტსმენი და ამავდროულად იყო კარგი მეოჯახე, მეუღლე
და მამა…
– ძალიან კომპორტულად ვგრძნობ თავს ორივე ამპლუაში.
თუ რამდენად პოპულარული და წარმატებული ვარ ეს უკვე ხალხმა განსაზღვროს.ორივე სფეროში,
ეს იქნება კალათბურთი თუ ოჯახი, მაქსიმალურად ვიხარჯები და ვცდილობ ორივეში წარმატებული
ვიყო.
– ანატოლი, წელიწადზე მეტია რაც დაოჯახდი,
შენი მეუღლე თეა ყველანაირად გიჭერს მხარს და გვერდში გიდგას. ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის, მეუღლისა
და თანადგომას და არამარტო სპორტსმენისთვის, ზოგადად მამაკაცისთვის…
– შეიძლება
ითქვას, რომ ეს ყოველივე ჩემი წარმატების საწინდარია. თეა ყველანაირად გვერდში მიდგას,
მას შესანიშნავად ესმის ჩემი ცხოვრება. ყველაფერში მიგებს და ცხოვრობს ჩემს რიტმში, რაც რა თქმა უნდა როგორც სპორტსმენისთვის
და როგორც მამაკიცისთვის უმთავრესია.
– თეა ამ კუთხით შეიძლება ითქვას, სუპერაქტიურია. არმიის
დიზაინით სამოსს ალბათ სპეციალურად იკერავს…
– რა თქმა უნდა. ასეთი სამოსი თამაშებზე ყოველთვის აცვია,
რაც ერთგვარ ოვაციებს იწვევს მაყურებლებში და ქმის ძალიან დადებით მუხტს და განწყობას.
– კოტე
შენ ერთი პერიოდი სამწვრთნელო საქმიანობით იყავი დაკავებული, ამ კუთხით ისევ თუ მუშაობ
და რა სიახლეა ამ მხრივ?
– კი,
მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ვახერხებ ამისთვის სათანადო დროის დათმობას. რაც ,,არმია”
შეიქმნა, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, სუპერლიგაც წელს სულ სხვაა და მოდუნების უფლება არ მაქვს. ამ საქმიანობას
განვაგრძობ, თუმცა იმდენად აქტიურად ვეღარ. ამ მხრივ ჩემი მეგობარი ლაშა თოიძე მუშაობს.
კიევის ქუჩაზე მდებარე 30-ე საჯარო სკოლის დარბაზში 1999-2000 წელს დაბადებულ ბავშვებს
ვავარჯიშებთ.
– ტოლი, მამობას როდის აპირებ? შენმა
მეგობრებმა ამ მხრივ დაგასწრეს. გიორგი ცინცაძე მამა გახდა და გიორგი შერმადინიც მალე
შეუერთდება მას.
– ვულოცავ გიორგის
მამობას, შერმადინისთვისაც მალე მომელოცოს. ღმერთმა ბავშვები ჯანმრთელები გაუზარდოთ.
ეს ისეთი რამეა, რომელსაც ალბათ ვერ დაგეგმავ, ყველაფერი უფლის ნებაა.
– რა არის თქვენი
საყვარელი საქმიანობა, როგორ და რითი ერთობით, რა არის თქვენი ინტერესის სფერო კალათბურთის
გარდა?
– კოტე: თავისუფალ
დროს მიყვარს საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. იქნებიან ისინი ოჯახის წევრები
თუ მეგობრები. ახლა გაზაფხულდა, ნელ-ნელა თბება და ვფიქრობ კარგი იქნება მეგობრებთან
ერთად სუფთა ჰაერზე გასეირნება და პიკნიკის მოწყობა. ძალიან გვიყვარს ფილმები და ხშირად
კინოში დავდივართ.
– ანატოლი: ამ ეტაპზე მარტო კალათბურთით ვცხოვრობ. თავისუფალ
დროს კი მეგობრები ერთად ვიკრიბებით და კინოში მივდივართ. ზაფხულობით ძალიან მიყვარს
წყალთან ყოფნა და დასვენება. ზამთარი არ არის ჩემი სეზონი. ვერ ვიტყვი რომ არ მიყვარს,
მთაც ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვერ ვდგები თხილამურებზე,
ასე რომ ზამთარში მთებისა და თოვლის მხოლოდ შორიდან ყურებას მირჩევნია ზაფხულში კარგად
გავერთო და დავისვენო.
– თქვენს მომავალ
გეგმებზე გვიამბეთ.
– ანატოლი: მომავალ გეგმებში შედის იმ ყველა მატჩის მოგება,
რომლებიც უახლოესს ტურში გვაქვს. ყველა ჩვენი შეცდომა უნდა გამოვასწოროთ, დავიხვეწოთ
და წინ წავიდეთ. წაგებას არ უნდა შევუშინდეთ, ვინაიდან შეიძლება წააგო კონკრეტული მატჩი,
მაგრამ ფინალი მაინც მოიგო. მე პირადად არაერთხელ მქონია ასეთი მომენტები: შეხვედრა წაგვიგია, მაგრამ ფინალში გაგვიმარჯვია.
ასე რომ, ჩემს უახლოესს გეგმებში ჩემპიონობა შედის.
– როგორი სტილის
ჩაცმულობა მოგწონთ?
– კოტე:
თავისთავად სულ სპორტულ სამოსს ვატარებ და თავს კომპორტულად ვგრძნობ, თუმცა როცა სოლიდურად
ვიცვამ, მაშინაც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
– ანატოლი: გააჩნია
ჩემს გრაფიკს, დილით როდესაც ვარჯიშზე მივდივარ, რა თქმა უნდა უპრიანია სპორტულად ჩაცმა.
ისე კი ძალიან მიყვარს პერანგები, ჯინსები და სპორტული ფეხსაცმელი, მაგალითად კეტები. ასეთი ჩაცმულობა არც კლასიკურია, არც მთლად სპორტული და ასეთ სამოსში თავს ძალიან კომპორტულად
ვგრძნობ.
– რამდენად ტრადიციული
ხართ, რას ფიქრობთ ზოგადად ქართულ მენტალიტეტზე,
ახალგაზრდა თაობაზე?
-კოტე: ზოგადად ტრადიციების მომხრე ვარ. ეს იქნება ქართული,
ჩემი ოჯახის თუ ჩემს მიერ შექმნილი ტრადიციები, რომლებსაც უფრო
პრინციპებს დავარქმევდი. მე მაქვს შეხედულებები, რომლებსაც ყოველთვის აქტიურად ვიცავ
და არასდროს ვღალატობ ჩემს პრინციპებს.
– ანატოლი:
ჩემი აზროვნებით, ქმედებებითა თუ შეხედულებით ტრადიციული ვარ. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა
თაობაში სხვა ღირებულებებია და ისინი სულ გადასხვაფერებულნი არიან. ის, რამაც ჩვენს
ქვეყანას ამდენი ხნის მანძილზე გააძლებინა, თითქოსდა დაივიწყეს და ეს საწყენია.
– როგორი ხასიათი
გაქვს, რას მიიჩნევს შენს დადებით თუ უარყოფით თვისებად?
კოტე:
ძალიან უკომფლიქტო ადამიანი ვარ და თუ სადმე დაძაბული სიტუაცია შეიქმნება, ვცდილობ
განვმუხტო და გავანეიტრალო. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რა თქმა უნდა მაქვს მაგრამ თავს შევიკავებ და ამაზე არ ვისაუბრებ.
ანატოლი: მხიარული, კეთილგამწყობილი და მეგობრული ადამიანი
ვარ. სულ ვცდილობ ვიხუმრო და იუმორით ვიცხოვრო. უარყოფითი ის მაქვს, რომ ფეთქებადი
ვარ და ხანდახან ძალიან პირდაპირი. განსაკუთრებით
აფექტის მომენტში. ზოგჯერ ვნანობ ხოლმე ასე და ისე რატომ ვთქვიო, მაგრამ ეს ალბათ ყველას
მოსდის. რას ვიზამთ, როგორც ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვს.