სტატისტიკა
თვენახევრიანი
შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. მეორე წრის პირველი ტური
დღეს და ხვალ, ოთხ ქალაქში გაიმართება. უკვე ჩატარდა შეხვედრა ბათუმში, სადაც ადგილობრივმა
გუნდმა “ოლიმპს” უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 71:61 დაამარცხა.
სუპერლიგაში კიდევ
2 ახალი ლეგიონერის დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგა. ბათუმელებმა სერბი ნემანია მიშკოვიჩი
და ამერიკელი კემერონ მაკკევრი დაიმატეს, რომლებმაც აჭარელთა დღევანდელ გამარჯვებაში
დიდი როლი შეასრულეს.
აღსანიშნავია,
რომ “ბათუმს” აკლდა 2 ამერიკელი ლეგიონერი – ჯეიმი ჯექსონი და ჯერემი სეფოლდი,
რომლებიც 25 იანვარს, რუსთავში გამართულ “ყველა ვარსკვლავის” მატჩზე არ გამოცხადდნენ.
ჯექსონს და სეფოლდს ამის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვთ.
ახალ ლეგიონერებს
ურიგოდ არ უთამაშიათ, მიშკოვიჩმა და მაკკევრიმ ჯუნიორ ქედუგინთან და ნიკა რამიშვილთან
ერთად მასპინძლების გამარჯვება განსაზღვრეს. “ოლიმპმა” შესანიშნავად ითამაშა
პირველი მეოთხედი, რომელიც 18:10 მოიგო და ლიდერობას პირველი ტაიმის შემდეგაც ინარჩუნებდა
– 30:27.
მესამე პერიოდში
მასპინძლებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონნენ.
ქედუგინი შეტევაში ეფექტური იყო, მიშკოვიჩი ფარქვეშ მარჯვობდა, მაკკევრი და რამიშვილი
სწრაფი გარღვევებით გამოირჩეოდნენ. მესამე ათწუთეული ბათუმელებმა 27:8 მოიგეს და გადამწყვეტ
პერიოდს 16-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ.
ოლიმპელებმა ძალების
მოკრება მოახერხეს, თუმცა დასკვნითი მეოთხედის მოგებით ჩამორჩენა მხოლოდ 10 ქულამდე
შეამცირეს. ბათუმელებმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს, რაშიც ლომის წილი 25 ქულის
მომგროვებელ ჯუნიორ ქედუგინს მიუძღვის. 17 ქულა დააგროვა ნიკა რამიშვილმა, 14 – მაკკევრიმ,
ხოლო მიშკოვიჩმა 8 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ოლიმპელთა შორის 26 ქულითა და 11 მოხსნით
ორმაგი დუბლი რიჩარდ მათიაშვილმა მოაგროვა, ირაკლი გულისაბედაშვილის ანგარიშზე კი
11 ქულა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ივანე მაისურაძე
(”ბათუმის” მოთამაშე-მწვრთნელი): ჩვენი ორი ლეგიონერი, ჯეიმი ჯექსონი
და ჯერემი სეფოლდი დისკვალიფიცირებულნი არიან ოლ სტარის მატჩში გამოუცხადებლობის გამო.
ამას გარდა გუნდში ორი ახალი ლეგიონერი გვყავს, რომლებიც სულ 2 დღეა რაც შემოგვიერთდნენ,
ამიტომ ჯერ შეთამაშებულნი არ ვართ. მეტოქემ
დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მატჩი ჩვენზე მობილიზებულად დაიწყო. საბედნიეროდ მესამე მეოთხედიდან თამაშში
გარადატეხის შეტანა მოვახერხეთ და შეხვედრა
ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. მეტი ანგარიშითაც შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ როგორც
აღვნიშნე ჯერ შეთამაშება გვაკლია.
დავით თორთლაძე
(”ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): ვიცოდით რომ ბათუმს ორი ძლიერი ლეგიონერი
არ ეყოლებოდა და გარკვეული იმედით ვიყავით განწყობილნი, მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვა ახალი
ლეგიონერებით იყვნენ გაძლიერებულნი და ფაქტიურად იგივე გუნდს შევხვდით. მიუხედავად
წაგებისა, ვთვლი რომ კარგი თამაში ჩავატარეთ და პირველ წრეში ნათამაშები მატჩისგან
განსხვავებით უშანსოდ არ დავმარცხებულვართ. მხოლოდ მესამე მეოთხედში გვქონდა ჩავარდნა
და ვეცდებით მეორე წრეში მსგავსი შეცდომები
აღარ გავიმეოროთ.