ბათუმის იოლი გამარჯვება კაკტუსთან

ბათუმის იოლი გამარჯვება კაკტუსთან

 სტატისტიკა
 გალერეაგუშინ რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მესამე ტური დღეს,
თბილისში გაგრძელდა. სპორტის ახალი სასახლე სამ მატჩს მასპინძლობს, რომელთაგან პირველი
– „კაკტუსი“ – „ბათუმის“ შეხვედრა დასრულდა. სუპერლიგის დებიუტანტმა „კაკტუსმა“ „ბათუმს“
უმასპინძლა და ანგარიშით
90:67
დამარცხდა.

კაკტუსელებმა სუპერლიგაში ასპარეზობა ხმაურიანი გამარჯვებით
დაიწყეს. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო მატჩში მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“
დაამარცხა, თუმცა დღევანდელ მატჩში „ბათუმს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. დავით უსტიაშვილის
გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა  დამაჯერებელი
სხვაობით იმარჯვეს.

ბათუმელები წარმატების იარაღად შორ სროლებს და სწრაფ
შეტევებს იყენებდნენ, რასაც წარმატებით უთავსებდნენ ფარქვეშ შესვლებს. შესაბამისად,
სტუმრებს თამაშის ყველა ძირითად კომპონენტში უპირატესობა ჰქონდათ და საბოლოოდ გამარჯვების
მოპოვებაც არ გასჭირვებიათ.

„კაკტუსმა“ მეორე პერიოდში შეძლო ვითარების დაძაბვა,
როცა ძირითადად შორი სროლებით ჩამორჩენის 1 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა ბათუმელთა
წუთშესვენებას და სწორ პოზიციურ გადაადგილებებს სტუმართათვის სოლიდური ლიდერობის დაბრუნება
მოჰყვა. მატჩის მიწურულს უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ბათუმელ ნიკა რამიშვილსა და კაკტუსელ
ტაილერ უაითს შორის კონფლიქტი მოხდა. ეს მოთამაშეები და ასევე მოედანზე სათადარიგოთა
სკამიდან შესული ბათუმელი ნოდარ თენიეშვილი მატჩიდან დისკვალიფიცირებულნი იქნენ. თუ
რამდენ თამაშს გამოტოვებენ ისინი, ამას კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი
გადაწყვეტს.

გამარჯვებულებს 23 ქულით ილია შემოსიუკმა ულიდერა.
18 ქულა და 9 მოხსნა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, ბესო ლეჟავამ კი შეხვედრა 12 ქულით
დაასრულა. „კაკტუსში“ 21 ქულით ბომბარდირი ტერიკ ბრიგმენი გახდა, ხოლო ჯონ ფლოვიერსმა
ორმაგი დუბლი – 17 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

სუპერლიგის მორიგ მატჩში, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება,
„სოხუმი“ ლიდერ „დინამოს“ დაუპირისპირდება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი): გუნდმა წინა ტური გამოტოვა ჩაშლილი მატჩის გამო. ამ წაგებას ჩემ თავზე ვიღებ მთლიანად. რა თქმა უნდა ბათუმი კარგი გუნდია. ცუდად ვითამაშეთ და შევეცდებით შემდეგში გამოვასწოროთ.
დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მესამე თამაში იყო ჩვენი. სამწუხაროდ ცუდი ინციდენტი მოხდა უკვე მოგებულ თამაშზე. განიხილავენ და ვნახავთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერაცია.