სტატისტიკა
გალერეა საკალათბურთო სუპერლიგა მესამე წრიდან დღეს განახლდა.
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან 1 უკვე ჩატარდა. გათამაშების
ლიდერმა “ბათუმმა“ მე-3 ადგილზე მყოფი „დინამო 20 ქულის სხვაობით – 80:60 დაამარცხა
და პირველი ადგილი გაიმყარა.
არადა, შეხვედრის დებიუტში ძნელი სათქმელი იყო, რომ
ბათუმელები ასე იოლად იმარჯვებდნენ. დინამოელთა ახალწვეულმა – ჯუევალ მაილსმა სადებიუტო
5 წუთში 8 ქულა მიითვალა და თბილისურმა გუნდმა პირველი პერიოდი 11:10 მოიგო. ბათუმელებმა
მეორე 10-წუთეულში თამაში დაალაგეს და გამართული თამაშის წყალობით დიდ შესვენებაზე
9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 38:29.
შესანიშნავად თამაშობდა ბათუმელთა უკრაინელი ლეგიონერი
ლეონიდ სტეპანიშინი, რომელიც მოედნის სიღრმიდან დიდ საფრთხეს უქმნიდა დინამოელებს,
ხოლო აკაკი დვალიშვილი ფარქვეშ შედეგიანი თამაშით ქულას ქულაზე იხვეჭდა.
დიდი შესვენების შემდეგ ბათუმელებმა მოპოვებული უპირატესობა
არათუ შეინარჩუნეს, კიდევ უფრო გაზარდეს, დინამოელებმა კი ამაში სტუმრებს ხელი ვერ
შეუშალეს და საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. გამარჯვებულთაგან 20 ქულით ბომბარდირი
სტეპანიშინი გახდა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 17 ქულა – 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
დინამოელთაგან 15 ქულით ნოდარ გოგოძე გამოირჩა, ხოლო ებრიუ მაკალპიმ 11 ქულა და ამდენივე
მოხსნა მოაგროვა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენი გუნდი ამ
თამაშისთვის სათანადოდ მზად არ იყო, რადგან უამინდობის გამო ბათუმიდან მატარებელი დაგვიანებით
გამოვიდა. ღამის 2-ის ნახევრიდან დილის 7 საათამდე გზაში ვიყავით და ბიჭები გადაღლილები
იყვნენ. მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად შეასრულა მიცემული დავალება და დალაგებული
თამაშის წყალობით, რომელშიც განსაკუთრებულად დაცვას გამოვყოფდი, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება
მოვიპოვეთ.
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ „ბათუმს“ დამსახურებულ
გამარჯვებას, მეტოქემ ყველაფერში გვაჯობა დღეს. რთულია ზედიზედ 3 თამაშის მოგება, მით
უფრო ბოლო პერიოდში უთამაშებლობამ თავისი კვალი დაგვაჩნია. სამწუხაროდ, გუნდში გარკვეული პრობლემები გვაქვს და ჩვენს ხარვეზებზე ბევრი გვაქვს
სამუშაო.