ბათუმმა ოლიმპი ბოლო წუთზე დაამარცხა

ბათუმმა ოლიმპი ბოლო წუთზე დაამარცხა

 სტატისტიკაგალერეა

გუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-3 ტური დღეს თბილისში, 3 მატჩით დასრულდება. ახალ სპორტის სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან 1 დასრულდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ოლიმპი“ და „ბათუმი დაუპირისპირდნენ.
ბათუმელთა რიგებში ახალმა ლეგიონერმა, უკრაინელმა სერგეი სტეპანიშინმა ითამაშა, რომელმაც დაცვაშიც კარგად ითამაშა და საკვანძო ეპიზოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთიც ჩააგდო. ოლიმპელებმა კი 4 ლეგიონერით ითამაშეს, შეხვედრაც საკმაოდ საინტერესო და თანაბარი გამოდგა. პირველმა ტაიმმა ვერაფერი გაარკვია. ის მცირე უპირატესობა, რომელიც თბილისურმა გუნდმა პირველ მეოთხედში მოიპოვა, აჭარლებმა დიდ შესვენებამდე გააბათილეს, თუმცა მეორე პერიოდის ბოლო წუთზე სტუმართა გამთამაშებელმა ირაკლი მიქელაძემ ტექნიკური ჯარიმა მიიღო და „ოლიმპი“ მეორე ტაიმს 2-ქულიანი ლიდერობით შეხვდა – 37:35.
მესამე პერიოდში ბათუმელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს და თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. ბესიკ ლეჟავამ უკანა ხაზიდან, აკაკი დვალიშვილმა კი ფარქვეშიდან გაისწორეს მიზანი, „ოლიმპი“ კი ძირითადად კახა ტომარაძის შორი სროლების იმედად იყო. გავიდოდნენ სტუმრები 6-8 ქულით წინ და ამას მყისიერად ტომარაძის სამქულიანი მოჰყვებოდა.
ბოლო პერიოდის წინ „ბათუმი“ 2 ქულით ლიდერობდა, თუმცა „ოლიმპი“ ისე ათამაშდა, მეტოქეს არათუ რჩებოდა, წინაც გავიდა. ფარქვეშ პოზიციები გაიმყარა ამერიკელმა ოსტინ სტიდმა და როცა მას უკანა ხაზიდან სერგი ალფოროვიც შეეშველა, გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ოლიმპელები წინ გავიდნენ.
მატჩის ბოლო წუთებმა ქულა-ქულა ბრძოლაში ჩაიარა. საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე ბესო ლეჟავამ ორქულიანით ბათუმელები 75:73 დააწინაურა. აჭარულმა გუნდმა დაცვაში ბურთი აიღო და აკაკი დვალიშვილმა სტუმრათა უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა, რითაც გამარჯვების ვინაობა ფაქტობრივად გაარკვია.
საბოლოოდ „ბათუმმა“ 81:75 მოიგო და ცხრილში დაწინაურდა. აჭარულ გუნდში 22 ქულითა და 22 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, ბესო ლეჟავას ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა. „ოლიმპში“ 22 ქულით ბომბარდირი გახდა კახა ტომარაძე, ოსტინ სტიდმა კი 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
დავით უსტიაშვილი, „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი:
– „ოლიმპი“ კარგი გუნდია, მებრძოლი შემადგენლობით და კარგი მწვრთნელით. საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გამოვიდა, ჩვენ ახალი ლეგიონერი შემოგვემატა და გუნდთან შეთამაშება აკლდა. მთლიანობაში ჩვენს გუნდს სათამაშო პრაქტიკა აკლია და გამოცდილებას ჩემპიონატის მსვლელობისას ვიძენთ. წინ დიდი ბრძოლები გველის, ყველა მატჩი დააბული იქნება.
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:
– ორი თანაბარი გუნდის ბრძოლა იყო. მთელი თამაში ბრძოლაში მიმდინარეობდა და ბოლოს უფრო მობილიზებული „ბათუმი“ აღმოჩნდა. მეორე თამაშს ვაგებთ იმის გამო, რომ გუნდი არ ბრძოლობს. მეტოქე გვიგებს ფარს და მთლიანად თამაშს.